შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გორის მე-12 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში არსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის მართვაზე. ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფუნქციონირების და მისი როლის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს „ეპ ჯორჯია გენერაციის“ კუთვნილი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური და სსე-ის ქვესადგური „ნავთლუღი-220“, გაეცნენ ქვესადგურისა და ჰესის მუშაობის სპეციფიკასა და სამუშაო პროცესს, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირებაში.
ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტურის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. დასაწყისში, საგანმანათლებლო პროგრამა დედაქალაქის სკოლების უფროსკლასელებისთვის ხორციელდებოდა, 2017 წლიდან კი, პროგრამა გაფართოვდა და მასში რეგიონების სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, სსე-მ უმასპინძლა თბილისის, სვანეთის, გურიის, სამეგრელოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონების სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს.