ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს შალვა პაპუაშვილმა და უკრაინის რადის სპიკერმა

13 აპრილი, 2022 • 807
რაზე ისაუბრეს შალვა პაპუაშვილმა და უკრაინის რადის სპიკერმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ დიალოგი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. პაპუაშვილის თქმით, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისა და საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.

პაპუაშვილის თქმით, საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ასევე, შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში ვიზიტზე:

„მეგობრული საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები. რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ გამოვხატე უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა.

შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. განვიხილეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. შევთანხმდით უახლოეს დღეებში ვიზიტზე უკრაინაში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

გუშინ, 12 აპრილს, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა შალვა პაპუაშვილთან და იმედი გამოთქვა, რომ მას კიევში შეხვდებოდა. დღეს კი შალვა პაპუაშვილი განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში წასასვლელად და ეს აცნობა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკსაც.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებს იკავებენ და რომელთა გათავისულფებასაც საქართველოს მთავრობა ითხოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით რადის სპიკერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 48 დღეა საომარ მდგომარეობაშია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირებების დრო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი