ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი ქვეყნებს აფრთხილებს, სომხეთს იარაღის ყიდვა არ დაუფინანსონ

13 აპრილი, 2022 • 10261
ალიევი ქვეყნებს აფრთხილებს, სომხეთს იარაღის ყიდვა არ დაუფინანსონ

“თუ სომხეთის შეიარაღებისთვის კვლავ იქნება გამოყოფილი ფული, ჩვენ ამას არამეგობრულ ნაბიჯად ჩავთვლით”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წლის პირველი კვარტლის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“სომხეთს იარაღის შესაძენად ფული არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია. ყარაბაღის მეორე ომის დროს ჩვენ 4-5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების  სამხედრო ტექნიკა გავუნადგურეთ სომხეთს. ტექნიკის ნაწილს, რომელიც ნადავლის სახით ხელთ ჩავიგდეთ, ვიყენებთ, ნაწილი კი სამხედრო ნადავლის პარკშია წარმოდგენილი. ჩნდება კითხვა, საიდან აქვს ღარიბ ქვეყანას ამდენი ფული? საიდან ეს კრედიტები? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს კრედიტები, ყარაბაღის მეორე ომის საჭიროება აღარ დადგებოდა. სომხეთი მორჩილად დაგვთანხმდებოდა, ისევე როგორც კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი, ჩვენს პირობებს დათანხმდა და ომის მერე სრულიად სხვა პოზიცია დაიკავა. ამიტომაც, თუ კიდევ გამოიყოფა სომხეთის შეიარაღებისთვის ფული, ამას არამეგობრულ ნაბიჯად შევაფასებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ”.

ამასთან, ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი კვლავ აგრძელებს საკუთარი ქვეყნისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ყიდვას, ატარებს სამხედრო რეფორმებს და არმიის მოდერნიზაციას ახორციელებს.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯარს უკვე შეუძლია ნებისმიერი ამოცანის შესრულება. ჩვენ ყოველწლიურად გავზრდით მათ რაოდენობას, თუმცა ზუსტ რიცხვს ვერ გავამხელ. ნებისმიერმა უნდა იცოდეს, რომ ათასობით კვალიფიციური მეომრები უკვე გვყავს და გვეყოლება. სამხედრო საკითხების გადაჭრაზე გამოიყოფა იმდენი ფული, რამდენიც საჭირო გახდება”.

საკუთარ განცხადებაში ალიევი არ აკონკრეტებს ქვეყნებს, რომლებიც სომხეთის შეიარაღებას აფინანსებენ, თუმცა აქამდე გაკეთებულ განცხადებებში აზერბაიჯანული მხარე რუსეთს ადანაშაულებდა სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაში. ამავე დროს, რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი სომხეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი