ახალი ამბები

მაკრონის თქმით, გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად იქნებოდა

13 აპრილი, 2022 • 1280
მაკრონის თქმით, გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავი შეიკავა ეწოდა გენოციდი უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცოტა ხნით ადრე გააკეთა.

მაკრონს France 2-ის ეთერში ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა მსგავს ტერმინს, რაზეც უპასუხა, რომ „უფრო ფრთხილად იქნებოდა მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან, რადგან ეს ორი ხალხი (უკრაინელები და რუსები) ძმები არიან“.

„მინდა გავაგრძელო ჩემი მცდელობა, რამდენადაც შემიძლია, რომ ეს ომი შევაჩერო და მშვიდობა აღვადგინო. მე დარწუნებული არ ვარ, რომ ეს რიტორიკა (ტერმინ გენოციდის გამოყენება) ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია დანიშნული, რომელშიც ემანუელ მაკრონი და მარინ ლე-პენი მიიღებენ მონაწილეობას.

წინასაარჩევნო პერიოდში  მაკრონი აქტიურად ჩართულ პოლიტიკოსად ცდილობდა თავის წარმოჩენას უკრაინის ომის შეჩერების პროცესში. მან იმიჯის შეცვლაც სცადა. რამდენიმეჯერ გაავრცელა ფოტოები, სადაც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ჰუდი ეცვა და აცხადებდა, რომ ესაუბრებოდა პრეზიდენტებს, პუტინსა და ზელენსკის.

ამ ქმედებების გამო ამომრჩეველთა ნაწილში დაცინვის ობიექტი გახდა.

მანამდე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდია.

უკრაინელი მხარის თანახმად, რუსი სამხედროები მათ მიერ დაკავებულ დასახლებებში ომის დანაშაულს სჩადიან.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტროლი აღადგინა ქალაქ ბუჩაზე, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოსახლის ცხედარი, რომელთაც ხელები შეკრული ჰქონდათ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი შეპყრობის შემდეგ დახვრიტეს.

უკრაინის თანახმად, ვითარება სხვა ქალაქებში იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ბუჩაში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი