ახალი ამბები

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნა

13 აპრილი, 2022 • 2338
რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნა. როგორც რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება ფორსმაჟორში, მიკროავტობუსების ფასების ზრდის შემდეგ მიიღეს.

როგორც ლაცაბიძე „იმედთან“ ინტერვიუში ამბობს, ავტობუსები 20-წუთიანი ინტერვალით რუსთავის გასასვლელიდან ისნის მიმართულებით ივლიან.

საქმე ის არის, რომ კომპანია „ინტერტრანსმა“, რომელიც იმ მიკროავტობუსებს ოპერირებს  და თბილისი-რუსთავის მიმართულებით დადიოდა, ფასები გაზარდა. როგორც Info Rustavi წერს, ფასი ზოგ მიმართულებებზე 2.5 ლარი გახდა, ხოლო ზოგზე – 2.8 ლარი.

ლაცაბიძე ამბობს, რომ ფასების ზრდა კომპანიის მხრიდან თვითნებურად მოხდა – „ჩვენ დავიწყეთ და გადავდგით სამართლებრივი პროცედურები. კომპანია უკვე დაჯარიმდა, გუშინ მქონდა შეხვედრა მათთან. შეხვედრებს გავაგრძელებთ, რომ კონსენსუსამდე მივიდეთ“.

„ჩვენ ისიც გვესმის, რომ მძღოლები, რომლებიც ამ კომპანიაში არიან დასაქმებულები, არიან რუსთაველები და მათ უკან ოჯახები დგანან… ძალიან რთულ მდგომარეობაში ვდგავართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამოსავალს მოვძებნით.

ამ ეტაპზე გამოსავალი, რომელიც მოვძებნეთ – მოსახლეობისა და განსაკუთრებით, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, იყო ალტერნატიული ტრანსპორტი. დღეს დილიდან შევძელით, ახალი ავტობუსები დაგვენიშნა თბილისი-რუსთავის მიმართულებით“, – დასძენს ის და ამატებს, რომ ეს არის „მაქსიმუმი, რაც ამ ეტაპზე ჩვენი რესურსით შეგვიძლია“.

რაც შეეხება ფასს, სტუდენტებისთვის იმოქმედებს საშეღავათო ტარიფი – 50 თეთრი, ხოლო მგზავრობის სტანდარტული ფასი 1.5 ლარი იქნება. ლაცაბიძე ამბობს, რომ ავტობუსებში იმოქმედებს უფასო ინტერნეტ სერვისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი