„ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროცესები შეისწავლა და მიმოხილვა მოამზადა. დოკუმენტში ორგანიზაციამ შეაფასა ფარმაციის სექტორის, ჰოსპიტლებისა და კლინიკების ფინანსური მაჩვენებლები და სახელმწიფოს ხარჯები ჯანდაცვის სერვისებზე.
ანგარიშის ავტორების თქმით, ფასები ჯანდაცვის სექტორში მკვეთრად გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მედიკამენტების ფასები 64%-ით გაიზარდა 2021 წელს, 2016 წელთან შედარებით. დოკუმენტის მიხედვით, ამბულატორიული მომსახურება 35%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაზღვევა კი ანალოგიურ პერიოდში- 31%-ით. ხოლო სტაციონარული მომსახურება, რომელიც შედარებით ნაკლები ინფლაციით ხასიათდება, 11%-ით გაძვირდა ანალოგიურ პერიოდში.
ამასთან, IDFI-ის შესწავლით გამოვლინდა, რომ შინამეურნეობების საშუალო ხარჯმა საცალო ფარმაციის ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორში 161 ლარი და 96 ლარი შეადგინა 2021 წელს. ორგანიზაციის თქმით, ერთი ოჯახის ყოველთვიური დანახარჯი საცალო ფარმაციის ბაზარზე საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და 161 ლარი შეადგინა 2021 წელს. შინამეურნეობების ხარჯები ასევე ზრდადია ჯანდაცვის მომსახურებაზე (+7% საშ. წლიურად) და 96.1 ლარს მიაღწია 2021 წელს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაძვირებული ფასები ნაწილობრივ COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 11 თვეში მედიკამენტები საშუალოდ 14.6%-ით გაძვირდა და ინფლაცია ამბულატორიულ მომსახურებაზე საშუალოდ 8.7%-ს შეადგენს.
გაზრდილი ხარჯების ფონზე, ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ რეალური ხელფასი ჯანდაცვის სექტორში ბოლო ხუთი წელია არ გაზრდილა. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ნომინალური ხელფასი 4.7%-ით იზრდებოდა 2016-2021 წლებში და საშუალოდ 1108 ლარი შეადგინა 2020 წელს. თუმცა არსებული ხელფასის მსყიდველუნარიანობა, IDFI-ს თქმით, არ შეცვლილა 2015 წელთან შედარებით, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით.
ამასთან, კვლევით იკვეთება, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის ანაზღაურება კერძო სექტორში უფრო მაღალია. კერძოდ, 2020 წელს 1,423 ლარი შეადგინა I და II კატეგორიის ჰოსპიტლებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ, რასაც სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ხელფასი 24%-ით ჩამოუვარდება.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში სამედიცინო პროფესია პოპულარულია და სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს ექიმებისა და ექთნების ჯამური რაოდენობით. კერძოდ, ქვეყანაში 12.8 ექიმი და ექთანია 1,000 კაცზე, რაც აღემატება სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. მიუხედავად სამედიცინო პერსონალის მაღალი ჯამური რაოდენობისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.9 ექთანი მოდის. IDFI აცხადებს, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-ის მიმართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდირებულ მინიმუმზე (5%) ნაკლებია. მაგალითისთვის, 2020 წელს დანახარჯები ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.6%-ს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია 2019 წელთან შედარებით.
ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, ორგანიზაციის თქმით, ექიმთან მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა. 2020 წელს ერთი ადამიანი საშუალოდ 3.7-ჯერ მიმართავდა ამბულატორიისა და პოლიკლინიკის ექიმს, ხოლო 2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 1.9 იყო. მიუხედავად მიმართვიანობის ზრდისა, აღნიშნული მაჩვენებელი, ანგარიშის ავტორების თქმით, დაბალია სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
ანგარიშის ავტორების თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის გადახარჯვის დაბალანსება ძირითადად ხორციელდება სხვა პროგრამებზე შემცირებული დანახარჯებით. ორგანიზაციის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვაზე დამტკიცებული ბიუჯეტის გადახარჯვა საშუალოდ 10%-ზე მაღალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
„პანდემიამ მიმართვიანობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელ შემთხვევებზეც შეამცირა. 2021 წელს ჯამური მიმართვიანობა ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელთან შედარებით, 32 301-ით არის შემცირებული. საინტერესოა, რომ დაგეგმილ მიმართვებთან ერთად, 16%-ით შემცირდა გადაუდებელი ამბულატორიული მიმართვები. გადაუდებელმა სტაციონარულმა შემთხვევებმა კი 33%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით.
პანდემიის მართვაზე სახელმწიფო დაახლ. 600 მლნ. ლარზე მეტი დახარჯა 2021 წელს. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის საშუალო წლიური ზრდა 2016-2020 წლებში 17%-ია, რაც მეტწილად განპირობებულია კოვიდ-19- ის მართვის პროგრამის დამატებით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშის ავტორების თქმით, კერძო დაზღვევა მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს აქვს. 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანების გამორიცხვამ კერძო დაზღვევით სარგებლობის მაჩვენებელზე გავლენა არ მოხდინა. IDFI-ს თქმით, სექტორის ბენეფიციართა რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 3%-ს შეადგენდა 2016-2020 წლებში და 600,000 ბენეფიციარს მიაღწია 2020 წელს.
ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.