დეპუტატი თამარ კორძაია ხელისუფლებას სთხოვს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული კითხვარის შევსების პასუხსიმგებლობა ოპოზიციას გაუზიაროს.
„გულწრფელად ვიზიარებ იმ სიხარულს, რაც თქვენ დღეს გაქვთ დაჩქარებულ განაცხადზე კითხვარების გადმოცემასთან დაკავშირებით და მინდა, რომ ეს სიხარული გაცილებით უფრო წარმატებით დაგვირგვინდეს. წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი ერთი თვე და როგორც თქვენ მოგვიწოდებთ თანამშრომლობისკენ, ასევე ჩვენ გამოვხატავთ თანამშრომლობის მზადყოფნას და მოგიწოდებთ, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური. ჩემი თხოვნაა, რომ თქვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, გააზიაროთ ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციასთან“, — მიმართა კორძაიამ მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ისტორიული შანსი გაჩნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ შანსებს ყველა უნდა გაუფრთხილდეს.
საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა. უკრაინას უკვე 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი დღეს, 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.
როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლობით გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.
კითხვარის გადმოცემას დღეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და თქვა, რომ „ყველა სიკეთე და ყველა პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება“.








