უკვე ვიზუალურად დასტურდება, რომ ომის დაწყების დღიდან უკრაინამ რუსეთის ძალების კუთვნილი 1000 ერთეული მანქანა და მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩაიგდო ხელში. აღნიშნულის შესახებ იუწყება ვებგვერდი Oryxspioenkop.com, რომელიც ღია წყაროებიდან აგროვებს დაზიანებული, განადგურებული და დაკარგული ტექნიკის ამსახველ ვიზუალურ მასალებს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეს და სტატისტიკას აწარმოებს.
ვებგვერდის მონაცემებით, ფოტო და ვიდეომტკიცებულებები ადასტურებს, რომ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის მხარეს განადგურდა 1445 ერთეული სამხედრო ტექნიკა, 39 ერთეული დაზიანდა, 234 — მიატოვეს, 1031 კი — მოწინააღმდეგემ ჩაიგდო ხელში.
Oryxspioenkop.com ასევე წერს უკრაინული მხარის იმ დანაკარგებზე, რომელთა დამადასტურებელი ვიზუალური მასალების მოპოვებაც შეძლეს. მათ შორისაა 339 ერთეული განადგურებული ტექნიკა, 23 ერთეული დაზიანდა, 35 — მიატოვეს, 341 კი — მოწინააღმდეგემ ჩაიგდო ხელში.
ხსენებული მონაცემები ვებგვერდის გუნდს ტექნიკის ტიპების მიხედვით აქვს დალაგებული. Oryxspioenkop.com-ის მიხედვით, ვიზუალური მასალებით დასტურდება, რომ რუსეთის 232 ტანკი განადგურდა, 8 — დაზიანდა, 40 — მიატოვეს, 189 კი — უკრაინამ ჩაიგდო ხელში. ფოტო-ვიდეომასალებით ასევე დასტურდება უკრაინის 42 ტანკის განადგურება, 1-ის დაზიანება, 9 ტანკის მიტოვება და 51-ის გადასვლა რუსეთის ხელში.
“ეს სია მოიცავს მხოლოდ განადგურებულ მანქანებს და აღჭურვილობას, რომელთა ფოტო ან ვიდეომტკიცებულებაც ხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე, განადგურებული აღჭურვილობის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აქ დაფიქსირებულს”, — დასძენს ვებგვერდის გუნდი.
პარალელურად, რუსეთი და უკრაინა განაგრძობენ ერთმანეთის დანაკარგებზე ინფორმაციის გავრცელებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- პერსონალი – დაახლოებით 19 500 ადამიანი
- ტანკი – 725 ერთეული
- ჯავშანტექნიკა / APV – 1 923 ერთეული
- საარტილერიო სისტემა – 347 ერთეული
- MLRS – 111 ერთეული
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
- თვითმფრინავი – 154 ერთეული
- ვერტმფრენი – 137 ერთეული
- საავტომობილო მანქანა – 1 387 ერთეული
- გემი/ნავი – 7 ერთეული
- საწვავის ავზი – 76 ერთეული
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 119
- სპეციალური აღჭურვილობა – 25
- მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მოსკოვიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:
- 129 თვითმფრინავი
- 99 შვეულმფრენი
- 441 უპილოტო საფრენი აპარატი
- 2 079 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 243 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 239 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 909 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 2 003 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.