ახალი ამბები

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული 250-მდე მღვდელი კირილის გასამართლებას ითხოვს

11 აპრილი, 2022 • 8328
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული 250-მდე მღვდელი კირილის გასამართლებას ითხოვს

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 250-მდე მღვდელმა მოითხოვა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს.

შესაბამისი განცხადება დეკანოზმა ანდრეი პინჩუკმა „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა ტრადიცია, რომ სერიოზული კონფლიქტების შემთხვევაში ასეთი საბჭოს სასამართლოს მიმართონ. აღმოსავლეთის პატრიარქთა საბჭომ არაერთხელ განიხილა სარჩელი ეკლესიის უმაღლესი პირები წინააღმდეგ“, — განაცხადა პინჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინელმა მღვდლებმა სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს პატრიარქ კირილის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის მხარდაჭერის გამო. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შორისაა „რუსული სამყაროს“ დოქტრინის ქადაგება, რომელიც არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას, და „ზნეობრივი დანაშაულები“: უკრაინის წინააღმდეგ ომის კურთხევა და მისი სრული მხარდაჭერა.

პინჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქმა უგულებელყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდებები ომის წინააღმდეგ და 13 მარტს ღვთისმშობლის ხატი გადასცა რუსეთის ეროვნული გვარდიის მთავარსარდალ ვიქტორ ზოლოტოვს. როდესაც ზოლოტოვმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ნაცისტები“ უწოდა, რუსეთის პატრიარქს არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ამ ომს ათასობით მშვიდონიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, 170-ზე მეტი ბავშვი. თუმცა ეს არ არის ომის მსხვერპლის საბოლოო რიცხვი, რადგან ქვეყნის ზოგ ნაწილში ამ დრომდე გრძელდება ბრძოლები.

რუსთი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაა“.

რუსეთის პატრიარქი კირილი რუსეთის საერო ხელისუფლებისა და სახელმწიფო მანქანის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური დასაყრდენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი