ახალი ამბები

საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის კითხვარს 11 აპრილს გადასცემენ

10 აპრილი, 2022 • 1438
საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის კითხვარს 11 აპრილს გადასცემენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი 11 აპრილს გადაეცემა.

„პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას [8 აპრილს] გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს ვარჰეი ტვიტერზე.

ვარჰეის განცხადებით, კითხვარების შევსება „დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ“.

საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადმოცემას მომავალ კვირას ელოდება.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„კითხვარის მიღებით ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე. საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის. ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 1 აპრილს გაიმართა, კომისიას დაევალა, მათ შორის კითხვარის შევსების პროცესის ეფექტიანი კოორდიანაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს. ამის საფუძველს იძლევა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, მათ შორის, რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ის, რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, უწყების შეფასებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებაა.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 10 მარტს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. საბჭომ ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა თავისი მოსაზრება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით.

გაწევრიანებისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შემდეგი ეტაპი მოიცავს ევროკომისიის მიერ აპლიკანტი ქვეყანისთვის კითხვარის წარდგენას. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტმა ჯეკ პეროკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შიდა მოხმარების დოკუმენტს გაეცნო და ევროკომისია დაჩქარებული ტემპით, უკვე 24-25 ივნისის სამიტზე გეგმავს წარმოადგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი