საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, საქართველოს არასწორი მხარე უჭირავს და ქვეყანა “ჩაძირულ გემზეა”, რომლიდანაც “იმ გემზე უნდა გადავიდეს”, რომელიც წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, 8 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საქართველოს დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო ქვეყნებიდან, მათ შორის, უკრაინიდანაც, თუმცა “ქართული ოცნების” ლიდერების დაფიქსირებული პოზიციების გამო ისინი “უკრაინასთან მისვლას” ვერ შეძლებენ:
“ჩვენ არ ვართ ლაჩრების და მოღალატეების ქვეყანა. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან დროებითია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას, რადგან ახლა თუ არ შევძელით, ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც უკრაინა მიიღებს ინგლისიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ჩვენ კი დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები იმავე უკრაინიდან, ამერიკიდან… დღევანდელი წარმომადგენლებისგან ვინ მივა უკრაინასთან, როდესაც მათი და ჩვენი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ამდენ შეურაცხყოფას აყენებენ…
რუსული ხომალდი იძირება, რუსეთი დაშლისკენ მიდის, რუსეთს ექმნება წარმოუდგენელი პრობლემები და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ რუსეთის ჯარების გაყვანას ჩვენი ტერიტორიებიდან და როგორც კი ეს მოხდება, ავტომატურად, მშვიდობიანად გაერთიანდება საქართველო. ჩვენ უნდა გავერიოთ საერთო მარაქაში. არ შეიძლება ვიყოთ იქ, სადაც დღეს ვიმყოფებით იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვართ ჩაძირულ გემზე და ჩვენ ამ გემიდან დროზე უნდა გადავხტეთ, გადავიდეთ იმ გემზე, რომელიც ძალიან წინ და შორს წავა და რომელიც იქნება ძალიან წარმატებული”, – განმარტა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ახლა არის მოქმედების დრო იმისთვის, რომ “საქართველო არ დაიღუპოს”, რადგან თუ ქვეყანა ჩაბარდა რუსეთს, სწორედ მაშინ დაიწყება სისხლისღვრა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში ყველაზე მეტი ადამიანი იმ ხალხს შორის დაიღუპა, რომლის გამოყვანაც საქართველომ ვერ მოასწრო.
“როცა ბარდები, მერე იწყება შემოსვლა, გაუპატიურება, განადგურება და მოსპობა შენი ქვეყნის. დღეს ჩვენ ქვეყანას პირდაპირ აბარებენ. ამიტომ ახლა აღარ არის დრო სხვადასხვა სიმპათიებად და ანტიპათიებად დაყოფის, ახლა ხალხი ჩვენგან მოქმედებას და ერთიანობას და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ელის. და ხალხი ამისთვის მზადაა”, – თქვა მან.
გარდა ამისა, სასამართლოზე სააკაშვილმა საქართველოში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას რომ სცოდნოდა უკრაინაში ომის დაწყების თარიღები, საქართველოში არ ჩამოვიდოდა:
“უთქვამთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა იმიტომ, რომ უკრაინაში ომს განერიდაო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა და ზუსტი წინასწარმეტყველება რომ შემძლებოდა, მე ახლა ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ – ამ შუშის უკან. გარიდება რომ მდომოდა, ამერიკაშიც შემეძლო გარიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვარაუდები “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პირველ აპრილს გამოთქვა. ის აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ომის დაწყების მოლოდინი ჰქონდა და ამიტომ საქართველოში „გამოასწრო“.
მდინარაძის თქმით, იმ ვერსიას, რომ სააკაშვილმა „რაღაცას გამოასწრო“, ისიც ამყარებდა, რომ საქართველოში ჩამოსვლა „ვერ გაბედა“ ადგილობრივ არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი – საპარლამენტო არჩევნების დროს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი კი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.