ახალი ამბები

კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი 39-მდე გაიზარდა

8 აპრილი, 2022 •
კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი 39-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში რუსეთის ჯარების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვისას მსხვერპლის რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ დაღუპულთა შორის 35 ზრდასრული და 4 ბავშვია. 100-მდე ადამიანი კი თავდასხმის შედეგად დაიჭრა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, თავდასხმისას რკინიგზის სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უკრაინის უფრო უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციას ელოდებოდნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ჩერნიგივის და კიევის რეგიონი დატოვეს, უკრაინული მხარე რუსეთის ჯარების გადაჯგუფებას და გაძლიერებულ შეტევად დონბასის რეგიონის მიმართულებით ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი