ახალი ამბები

„მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის „ალტ-ინფოს“ პარტიის 2 წევრი დააკავეს

8 აპრილი, 2022 • 1421
„მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის „ალტ-ინფოს“ პარტიის 2 წევრი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა  „ალტ-ინფოს“ პარტიის ორი წევრი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიას და ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.

სამსახურის ცნობით, დაკავებულები არიან „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი.

„17 მარტს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებოდნენ. ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი