ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში რუსეთთან შეერთების თემაზე ბილბორდები ჩამოჰკიდეს

8 აპრილი, 2022 • 2164
ცხინვალში რუსეთთან შეერთების თემაზე ბილბორდები ჩამოჰკიდეს

ცხინვალში სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით სააგიტაციო კამპანია დაიწყო. როგორც ადგილობრივი გამოცემა “რესი” წერს, ცხინვალის ცენტრალურ ქუჩებში ახალი ბილბორდები გაჩნდა, წარწერით: “ოსეთის მხარდასაჭერად! რუსეთის მხარდასჭერად! გაერთიანების მხარდასაჭერად!

ასევე, როგორც გამოცემა წერს, ქალაქში სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დროშებია გამოფენილი.

6 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცესკომ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით.

ბიბილოვი 2022 წლის 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას შეჰპირდა. თუმცა მსგავსი ინიციატივის შესახებ წლების განმავლობაში საუბრობდა.

“ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია რუსეთის ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ. უახლოეს დროში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იქნება ჩვენ მიერ გადადგმული. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს”, – განაცხადა ბიბილოვმა რამდენიმე დღის წინ.

 

“რეფერენდუმით” დაშინება “ქართული ოცნების” ინტერესშიცაა? – ინტერვიუ ზაქარეიშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი