ახალი ამბები

ახალი სიმღერა 28 წლის შემდეგ: Pink Floyd უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა

8 აპრილი, 2022 •
ახალი სიმღერა 28 წლის შემდეგ: Pink Floyd  უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა

თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ პირველად, Pink Floyd მსმენელს ახალ სიმღერას სთავაზობს, რათა მხარი დაუჭიროს და ფინანსურადაც დაეხმაროს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას.

სინგლი გასულ კვირას ჩაიწერა. მასში გამოყენებულია უკრაინელი მომღერლის, ანდრიი ხლივნიუკის ვოკალი, რომელმაც კიევში, წმინდა სოფიას ტაძართან შეასრულა პატრიოტული სიმღერა, შესაბამისი ვიდეო კი სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.

სწორედ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი Pink Floyd-ის გიტარისტს, დევიდ გილმორს, რაიმე გაეკეთებინა უკრაინის დასახმარებლად. 2015 წელს გილმორმა და უკრაინულმა ბენდმა, BoomBox-მა, რომლის სოლისტიცაა ხლივნიუკი, ლონდონში ერთად დაუკრეს, თუმცა ახლა სხვაგვარი რეალობაა:

ხლივნიუკმა მიატოვა BoomBox-ის ტურნე აშშ-ში და უკრაინაში დაბრუნდა, რათა იარაღით ხელში დაეცვა თავისი ქვეყანა სამხედრო აგრესიისგან. სოც. ქსელებში მეტად პოპულარული ვიდეო, რომელშიც  პატრიოტულ სიმღერას “Oi u luzi chervona kalyna” ასრულებს, ხლივნიუკმა სწორედ ომის დაწყების შემდეგ გადაიღო.

“მართლაც ძალიან რთულია, უყურო დიდი ძალის უსამართლო, არანორმალურ თავდასხმას დამოუკიდებელ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ერზე. აუტანელია ამის ყურების თანმდევი ფრუსტრაცია და ფიქრი იმაზე, თუ რა ჯანდაბა შემიძლია გავაკეთო”, — ციტირებს გილმორს The Guardian.

უკრაინაში მიმდინარე ომით შეძრულმა გილმორმა Pink Floyd-ის დრამერს, ნიკ მეისონს, ასევე, ბასისტ გაი პრეიტსა და კომპოზიტორ ნიტინ სოჰნის უხმო. ასე დაიბადა “Hey Hey, Rise Up!” — ჯგუფის პირველი ახალი სიმღერა 28 წლის შემდეგ.

როჯერ უოტერსი, რომელმაც ჯგუფი 80-იან წლებში დატოვა, პროექტში არ მონაწილეობს.

აქამდე არაერთი მიიჩნევდა, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნებული, ლეგენდარული Pink Floyd დაიშალა. ინგლისური როკ-ჯგუფის საქმიანობის გაგრძელება განსაკუთრებით გართულდა 2008 წლის შემდეგ, როცა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლავიშისტი რიჩარდ რაიტი გარდაიცვალა.

“სირცხვილია… მაგრამ ეს დასასრულია”, — ეუბნებოდა გილმორი BBC-ს.

თუმცა 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვითარება შეიცვალა: გილმორმა შეიტყო, რომ ხლივნიუკი, რომელთან ერთადაც 7 წლის წინ სცენაზე იდგა, ომში წავიდა, შემდეგ კი  BoomBox-ის სოლისტის მიერ წმინდა სოფიას ტაძართან ჩაწერილი, ცნობილი ვიდეოც ნახა.

დევიდ გილმორი ახსენებს იმ ფაქტსაც, რომ მისი შვილიშვილები ნახევრად უკრაინელები არიან. უკრაინიდანაა მისი რძალი, რომლის მოხუცი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბებიაც 3 კვირის წინ ჯერ კიდევ ხარკოვში იყო.

“Hey Hey, Rise Up!”-ის ჩაწერამდე დევიდ გილმორი ტელეფონით ესაუბრა საავადმყოფოში მყოფ ანდრიი ხლივნიუკს, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისას დაიჭრა. მან კლინიკა უკვე დატოვა.

“გმადლობ, ზღაპრულია”, — მისწერა ხლივნიუკმა გილმორს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მიერ გაგზავნილი სიმღერა მოისმინა.

Pink Floyd გეგმავს, “უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდში” გადარიცხოს თანხა, რომელსაც “Hey Hey, Rise Up!”-ის მეშვეობით შეაგროვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი