ახალი ამბები

ლავროვის განცხადებები მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას ემსახურება – კულება

7 აპრილი, 2022 • 1470
ლავროვის განცხადებები მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას ემსახურება – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას ცდილობს.

კულებას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რომლის მიზანიც ომის შეჩერებაა, ლავროვის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.

„საჯაროდ რაც მესმის ლავროვისგან, მისი ყველა კომენტარი ემსახურება მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას და არა მისი გაგრძელებას. ამავდროულად, ერთხელ შევხვდი მას ანტალიაში. არ მაქვს რაიმე პირადი გრძნობები მის მიმართ, რაც მასთან შეხვედრისგან თავის არიდებას მაიძულებდა, თუ ამის საჭიროება იქნება უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

ფაქტი, რომ ის ამართლებს მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც განხორციელდა ბუჩაში და უკრაინის სხვადასხვა სოფელში, ასევე, როდესაც  ამ კადრებს უწოდებს ყალბს, მას აქცევს მონაწილედ, თუმცა მზად ვარ შევხვდე, თუ ეს ომის და ხალხის ხოცვის შეჩერებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კულებამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთისთვის წარდგენილ შეთანხმების პროექტში არის გადახვევა იმ დებულებებისგან, რომლებიც ორი ქვეყნის მომლაპარაკებლებმა სტამბოლში დააფიქსირეს. მისი თქმით, მიუღებელია კიევის გეგმა მოლაპარაკებებზე ახალი წინაპირობების წამოყენების შესახებ.

„გუშინ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების ჯგუფს წარუდგინა თავისი შეთანხმების პროექტი, რომელიც არის გადახვევა ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებებიდან, რაც 29 მარტს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა“, – განაცხადა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეცვალა წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიცია და არ არის ნახსენები რუსეთის მხრიდან თანხმობის მიღების აუცილებლობა.

„სტამბოლის დოკუმენტში ცალსახად ნათქვამია, რომ „ნეიტრალური, უბლოკო, არაბირთვული სტატუსის კონტექსტში, ნებისმიერი სამხედრო წვრთნები უცხოური კონტიგენტების მონაწილეობით ტარდება მხოლოდ გარანტორი სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის თანხმობით“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, უკრაინამ ადრე პირობა დადო, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდებოდა ყირიმსა და სევასტოპოლზე, თუმცა დოკუმენტის ახალ ვერსიაში წერია: „ფორმულირების ბუნდოვანება ზოგიერთ ეფექტურ კონტროლზე 23 თებერვლის მდგომარეობით“

ლავროვის თქმით, „მიუხედავად ყველა პროვოკაციისა“, მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდება.


29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. ერთ-ერთი საკითხი, რაც მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიები იყო, რომლის ნაწილსაც ამჟამად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები მართავენ. რუსეთმა ისინი უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რასაც არ ეთანხმება არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა.

თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ყირიმის საკითხზე უკრაინამ რუსეთს კონკრეტული წინადადებით მიმართა. კერძოდ, უკრაინა რუსულ მხარეს სთავაზობს ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსზე 15-წლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა უნდა დადონ პირობა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საკითხის გადასაწყვეტად სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ.

რაც შეეხება ლუგანსკსა და დონეცკს, უკრაინელი მომლაპარაკებლების განცხადებით, ეს რუსეთთან საუბრის განცალკევებული პუნქტია და ის უნდა განიხილონ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ფარგლებში. უცნობია, როდის ან საერთოდ შედგება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. უკრაინელი მხარის პოზიციაა, რომ ასეთი შეხვედრისთვის პირობები უკვე მომწიფებულია, თუმცა მოსკოვს განსხვავებული აზრი აქვს.

გირჩევთ წაიკითხოთ: 3 მთავარი აქცენტი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი