„ლელომ“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოზე.
ამასთან, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დღემდე არ ასრულებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისას უკრაინის მთელ რიგ წერტილებში, მათ შორის ბუჩასა და სხვა ქალაქებში, განახორციელეს სამხედრო აგრესია, რომლის შედეგი ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის უამრავი ბავშვის სიცოცხლის განადგურება, ათასობით საცხოვრებელი სახლის, სკოლების, საბავშვო ბაღების და სამოქალაქო ობიექტების დანგრევა და უკრაინის ოთხი მილიონი მოქალაქის ქვეყნიდან ლტოლვილის სტატუსით გადინებაა“, – ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.
დოკუმენტი გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს, „რომლებიც აშკარად შეიცავენ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა, ასევე, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულთა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ნიშნებს“.
„[პარლამენტი]მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით.
მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, პლატფორმები და მექანიზმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებისა და მეთაურების, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისა და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
„ლელოს“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს, მჭიდრო თანამშრომლობა გაუწიოს უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება.
„[პარლამენტი]აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებასა და გაეროს ადამიანების უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევაში, უკრაინის პოზიციების დასაცავად საჭირო მასალის შეგროვებაში, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე, ევროკავშირთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გზით.
მხარი დაუჭიროს ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიმართულ ნაბიჯებს“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
„ლელოს“ რეზოლუციის პროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას ასევე ავალებს, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი.
მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.
