ახალი ამბები

თბილისი კულებას: მსგავსი განცხადებები აზარალებს მეგობრულ ურთიერთობებს

6 აპრილი, 2022 • 670
თბილისი კულებას: მსგავსი განცხადებები აზარალებს მეგობრულ ურთიერთობებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის კომენტარები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს:

„სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას.

ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს, ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

„თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ“, — განაცხადა კულებამ, censor.net-ის ინფორმაციით, ერთიანი ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი