4 წლის საშა, რომელსაც მშობლები უკრაინაში 1 თვის განმავლობაში ეძებდნენ, მოკლული იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 6 აპრილს, უკრაინის რადამ გაავრცელა.
ბავშვის პოვნის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკისა და ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა ბავშვის დედამაც.
საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, 4 წლის ბიჭი ბებიასთან ერთად ვიშგოროდის რაიონიდან ნავით გაჰყავდათ, რადგან რუსმა სამხედროებმა რაიონიდან გასასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. ნავი, კი რომელშიც საშა ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, ჩაიძირა.
შემთხვევის მეორე დღეს, 11 მარტს, საშას ბებია ადგილობრივებმა იპოვეს დაღუპული, თუმცა 4 წლის ბიჭი არც მასთან ერთად და არც ახლომახლო არ იყო. ნავზე მყოფთაგან სპეციალური უსაფრთხოების ჟილეტი მხოლოდ საშას ეცვა, რაც ახლობლებს აძლევდა იმედს, რომ ის გადარჩებოდა.
“დღეს საშას ცხედარი ვიპოვეთ.
მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც სჯეროდა, ვინც ძებნაში გვეხმარებოდა, მადლობას გიხდით ყველას ლოცვებისთვის და რწმენისთვის, მადლობა მხადაჭერისთვის.
დღეს მისმა სულმა სიმშვიდე ჰპოვა”, — დაწერა ბიჭის დედამ ინტაგრამზე.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 6 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის შედეგად, 167 ბავშვი დაიღუპა, 446 კი დაშავდა.
განახლება: უკრაინის საკანონმებლო ორგანომ აღნიშნული ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ტვიტერზე დაწერა, რომ 4 წლის საშა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.





