ახალი ამბები

გვამები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც 3-4 დღე იწვა ქუჩაში – გაეროში რუსეთის ელჩი ბუჩაზე

5 აპრილი, 2022 • 4095
გვამები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც 3-4 დღე იწვა ქუჩაში – გაეროში რუსეთის ელჩი ბუჩაზე

გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ვასილი ნებენზია ამტკიცებს, რომ ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვის კადრების დაჯერება მხოლოდ დილეტანტებს შეუძლიათ.

მისი თქმით, ყალბია The New York Times-ის სატელიტური ფოტოები, რომელიც აბათილებს რუსულ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქალაქი რუსმა სამხედროებმა დატოვეს.

NYTimes-ის მიერ ბუჩის ხოცვა-ჟლეტაზე მოძიებული და გაანალიზებული სატელიტური ფოტოები ამტკიცებს, რომ ბუჩის ქუჩებში ცხედრები მინიმუმ 19 მარტსაც ფიქსირდება, ანუ იმ დროს, როცა ქალაქს რუსეთი აკონტროლებდა.

„ვიდეოზე გამოსახული გვამები არანაირად არ ჰგავს მათ, ვინც სამი-ოთხი დღე იწვა ქუჩაში, The New York Times-ის სენსაციური და აბსოლუტურად არამეცნიერული მონაცემებით, 20 მარტიდან. ამ „ფეიკზე“ წამოგება შეუძლიათ აბსოლუტურ დილეტანტებს ან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომელთაც არაფრის მოსმენა არ სურთ და დიდი ხანია შავს თეთრს ეძახიან და პირიქით“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

რუსეთის წარმომადგენლამდე გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სადაც ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელსაც რუსი ოკუპანტები არ ჩაიდენენ.

მისი თქმით, რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც უკრაინას ემსახურებოდა.

„ჩვენს ქალაქ ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ ერთია იმ მრავალი მაგალითიდან, სამწუხაროდ, რასაც ოკუპანტები აკეთებენ ჩვენს მიწაზე ბოლო 41 დღის განმავლობაში და კიდევ ბევრი ქალაქი და მსგავსი ადგილები, რომელთა შესახებაც მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცის სრული სიმართლე“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი