ახალი ამბები

2021-ში უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ომბუდსმენის ანაგარიში

5 აპრილი, 2022 • 854
2021-ში უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ომბუდსმენის ანაგარიში

31 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და გარკვეული მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც შეინიშნება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი და ზედამხედველი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებად ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ასახელებს. მისი შეფასებით, აღნიშნული სამსახურის გაუქმების მიზანი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებული 52 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს.

“ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდა”, – აცხადებს ომბუდმსენი.

ამასთან, ომბუდსმენი ანგარიშში აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ფორმასაც. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაჩქარებული წესით, 4 დღის ვადაში კანონპროექტის განხილვამ ამ პროცესში საზოგადოების არსებითი ჩართულობა შეუძლებელი გადახადა. ასევე, კანონპროექტის მომზადებაში თავად სახელმწიფო ინსპექტორიც არ ყოფილა ჩართული.

სახალხო დამცველის შეფასებით, ამ ტიპის ცვლილებები ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, “არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით”.

გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას არ ეთანხმება ეუთო/ოდირიც, რომელმაც 2022 წლის 18 თებერვალს გამოაქვეყნა დასკვნა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე მოახდინოს გავლენა, რადგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტიანობას ექმნება საფრთხე.

სასამართლო და პროკურატურა

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2021 წელს პარლამენტმა მიიღო სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას.

ანგარიშში განმარტებულია, რომ 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.

“გასულ წელს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად გააგრძელა და დაასრულა. მართლმსაჯულების სფეროში შეუსრულებელი ვალდებულების გამო 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირმა დამატებითი 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარება საქართველოს არ გადმოურიცხა.

როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული საოქმო ჩანაწერი, რომლითაც გაუგებარი და დაუსაბუთებელი არგუმენტებით სასამართლომ არ შეაჩერა დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების გაუქმების პროცესი. აღნიშნული ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი იყო მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება”, – აღნიშნავს ლომჯარია.

ამასთან, ომბუდსმენი საუბრობს პროკურატურის როლზეც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს კვლავ გამოწვევად დარჩა პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. კერძოდ, სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს.

ომბუდსმენს მაგალითად მოჰყავს “კარტოგრაფების საქმე” და აცხადებს, რომ გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს და საქმეშიც მძიმე სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება.

“სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას როგორც გასული წლების, ასევე, წინამდებარე 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში”.

ომბუდსმენის საქმიანობაში ხელშეშლა

ომბუდსმენი განმარტავს, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველს ჰქონდეს საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა. თუმცა 2020-2021 წლებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები გახდნენ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.

ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს, როგორც დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს, საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.

ომბუდსმენის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში დაარქივებული ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ დადასტურდა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები, პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე არ არის დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა.

მედია, აქტივისტები, უფლებადამცველები

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება. სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და უფლებადამცველების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ 2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში.

“ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დაუშვებლობა და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენის განმარტებით, გასული წლების მსგავსად, სამართალდამცავები შეკრებების მართვისა და დაშლის შემთხვევაში 2021 წელსაც იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას, მათ შორის, შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებებისას, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა.

თუმცა სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომები გამოიყენებოდა ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი პირების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიერ ორგანიზებულ შეკრებების დროს, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრებების მართვისას კი სახელმწიფო გაცილებით ლმობიერი იყო.

“შეკრებების დროს უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევისთვის კვლავ გამოიყენებოდა დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენჯერმე დაანონსებული რეფორმის ჩავარდნის მიზეზი ადამიანის უფლებების სტანდარტების შეუსაბამო მექანიზმების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებაა, რაც სამართალდამცავ ორგანოებს, ისევე როგორც სასამართლოს, უმარტივებს ,ადამიანის უფლებათა შესაბამისი სტანდარტების გვერდის ავლით მიიღონ შეკრების მონაწილეთა მიმართ უფლებაშემლახავი გადაწყვეტილებები”, – განმარტავს ომბუდსმენი.

ანგარიშში ასევე საუბარია 5 ივლისს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზეც. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ არათუ ვერ აღკვეთა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები, არამედ მაღალი თანამდებობის პირების მიერ წინმსწრებმა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.

ხოლო პროკურატურას, ძალადობის მასშტაბების და საჯაროდ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია. სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს.

“ეს კიდევ უფრო ამძაფრებს დაუსჯელობის გარემოს და, ცხადია, კიდევ უფრო მეტად ახალისებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, რაც გამოძახილია ხელისუფლების მიერ გატარებული ზემოაღნიშნული პოლიტიკის”.

ფარული მოსმენები/თვალთვალი

სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე საუბრობს 13 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების მიმართ თვალთვალის და მიყურადების მასალების გაჟონვაზეც.

მისი შეფასებით, უკანონო მიყურადება-თვალთვალის მიზანი მადისკრედიტირებელი ინფორმაციის შეგროვება და გავრცელებაა.

” სავარაუდოდ, უკანონო და ფართომასშტაბიანი მიყურადება-თვალთვალი ქვეყანაში ტოტალური კონტროლის საფრთხეებს აჩენს. მას მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის თითოეულ ეტაპზე, რაზეც, სამწუხაროდ, ინსტიტუციური ზედამხედველობა და კონტროლი არ ხორციელდება”, – განმარტავს ომბუდსმენი.

საარჩევნო უფლების რეალიზაცია

ომბუდსმენის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება საარჩევნო უფლების რეალიზაციაზეც აისახა. კერძოდ, მისი შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და თანასწორ გარემოში არ წარიმართა.

სახალხო დამცველის თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი. ამასთან, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევის შესახებ, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს.

“შემაშფოთებელია, რომ პირების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიერ სოციალურ ქსელებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების, ან უბრალოდ ხელისუფლებისთვის კრიტიკული კომენტარების განთავსება იყო”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

პატიმრების უფლებები

ომბუდსმენის შეფასებით გასულ წელს კვლავ პრობლემად დარჩა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, მისი განცხადებით, პენიტენციური სისტემა პატიმრების გაჩუმებაზეა ორიენტირებული და ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს.

“ამ მხრივ უმთავრესი პრობლემაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ძალადობის მსხვერპლი პატიმრები ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან მიღებული დაზიანებების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე არ საუბრობენ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმრები საჩივრების გაგზავნისგანაც იკავებენ თავს”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ წლიდან წლამდე პენიტენციური დაწესებულებებიდან სახალხო დამცველისთვის საჩივრების მიმართვიანობა იკლებს

“არის შემთხვევები, როდესაც პატიმრებს პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად ათავსებენ”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

მისი შეფასებით, აღნიშნული უტოლდება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

ასევე, ლომჯარიამ ისაუბრა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზეც. მისი თქმით, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ.

“პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვება ნათლად გვაჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს”, – აცხადებს ლომჯარია.

დიდი ზომის დაწესებულებების პრობლემები

სახალხო დამცველის განცხადებით, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. კერძოდ, პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების, ისე დიდი ზომის ბავშვთა და შშმ პირთა დაწესებულებების საკითხი.

“კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ”, – აცხადებს ლომჯარია.

ბავშვთა პანსიონებთან დაკავშირებით კი ომბუდსმენს მოჰყავს ნინოწმინდის თავშესაფრის მაგალითი, სადაც, მისი თქმით,  წლების განმავლობაში არასრულწლოვანთა მიმართ გამოვლინდა დამამცირებელი, არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, ბავშვების მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიშნები.

ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების პროცესშიც და მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2016 წელს დაიწყო, გამოძიება დღემდე გრძელდება და პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

ფემიციდი

სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. კვლავ არ შეინიშნება ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების კლების ტენდენცია.

ამასთან, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობაც.

ომბუდსმენის თანახმად, 2021 წელს გამოვლინდა ქალის მკვლელობის 22, ხოლო ქალის მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტი .

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა

სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც.

ლომჯარიას შეფასებით, სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 21.3%-ია, რაც დაახლოებით 800 ათასი ადამიანია. სახალხო დამცველის თქმით, ეს მონაცემები გაზრდილია 2018-2019 წლებთან შედარებით.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ქვეყანაში არასაკმარისი მიზნობრივი სახელმწიფო სერვისებია.

ასევე, სახალხო დამცველის განცხადებით, მძიმეა შშმ, უსახლკარო და ხანდაზმულ პირთა, დევნილთა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობაც.

“ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მათ დაკმაყოფილებას.

კვლავ პრობლემურია სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების გეოგრაფიული დაფარვაც. ქვეპროგრამები კვლავ არ ეფუძნება სტატისტიკურ და კვლევით მონაცემებს. ნეგატიურად უნდა შეფასდეს 2021 წელს მულტიპროფილურ საავადმყოფოებში მოქმედი სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვის ფაქტიც”, – აცხადებს ლომჯარია.

თუმცა სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას და ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას.

ომბუდსმენი ასევე საუბრობს უსახლკარობის პრობლემაზე და აცხადებს, რომ საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო- კანონმდებლობა. ასევე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, რიგ მუნიციპალიტეტებში კი ადგილობრივი მონაცემთა ბაზები.

თუმცა ლომჯარია დადებითად აფასებს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრისის სერვისით დაკმაყოფილების წესს, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, გამონაკლისია.

ამასთან, ლომჯარია მიუთითებს დევნილების განსახლების პრობლემაზე. მისი განცხადებით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საფრთხის შემცველი შენობებიდან ბევრად ნაკლები ოჯახი გაიყვანეს. ამასთან, დღემდე არ არის შემუშავებული ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები და სახელმწიფო აქტიურად არ ამოწმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების მდგრადობას.

ოკუპირებული ტერიტორიები

ომბუდსმენის თქმით, კვლავ პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა.

“უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და შვილების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყვანა უწევთ”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ასევე, მისი თქმით, კვლავ გრძელდება უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესიც.

პანდემია

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2021 წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ომბუდსმენის შეფასებით, პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

“კორონავირუსთან საბრძოლველად რეგულაციების შემოღებისა და მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებები უმეტესწილად მეცნიერული მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფით მიიღებოდა. მათ შორის, უარყოფითად უნდა შეფასდეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც ცალსახად დააზიანეს როგორც ვაქცინაციის, ისე პანდემიის მართვის პროცესი. შედეგად, საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. კოვიდ 19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზანი იყო 2021 წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, ვაქცინაციის კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს პენიტენციური დაწესებულებები, სადაც მაღალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი როგორც პაციენტებში, ასევე თანამშრომლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი