ახალი ამბებისამართალი

კრიმინალურ გარჩევაზე 20-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, ბრალი 5-ს აქვს წაყენებული

5 აპრილი, 2022 • 1767
კრიმინალურ გარჩევაზე 20-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, ბრალი 5-ს აქვს წაყენებული

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 2 აპრილს მომხდარ კრიმინალურ გარჩევასთან დაკავშირებით, რომელშიც, პროკურატურის ცნობით, 20-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს, 5 პირს ბრალი წაუყენეს.

აქედან ერთ პირს ბრალი წაყენებული აქვს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთს — ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სამს კი — დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორ გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან — ვ. გ. და კ. ქ.-სთან — სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები: დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ. და გ. გ., ასევე, მათი პირადი დაცვის წევრები: კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც. და თანმხლები პირები: ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ.

გამოძიების თანახმად, შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც კომპანიის დირექტორმა მის საკუთრებაში არსებული იარაღიდან დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა. სროლის შედეგად ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

პროკურატურის თანახმად, აღნიშნული დაპირისპირების დროს პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების თანახმად, გ.პ.-მ, გ.ა.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა კ.მ., გ.ქ., გ.პ., გ.გ. და გ.ა. 3 აპრილს დააკავეს. კ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ქ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო გ.პ.-ს, გ.გ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი