ახალი ამბები

ბუჩაში ნანახი მხოლოდ აისბერგის წვერია, მარიუპოლში ვითარება გაცილებით მძიმეა – კულება

5 აპრილი, 2022 • 2073
ბუჩაში ნანახი მხოლოდ აისბერგის წვერია, მარიუპოლში ვითარება გაცილებით მძიმეა – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ მარიუპოლში გაცილებით მძიმე ვითარებაა და ბუჩა “მხოლოდ აისბერგის წვერია”. ამის შესახებ მან 4 აპრილს, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვნახეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია იმ დანაშაულების, რაც რუსეთის ჯარმა ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა. შემიძლია გაზვიადების გარეშე, თუმცა უდიდესი მწუხარებით გითხრათ, რომ მარიუპოლში ვითარება გაცილებით მძიმეა იმასთან შედარებით, რაც ვნახეთ ბუჩასა და სხვა ქალაქებში და სოფლებში კიევთან ახლოს”, – თქვა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინის ქალაქებში მიმდინარე “საშინელებები” საჭიროებს სერიოზულ სანქციებს “დიდი შვიდეულისა” და ევროკავშირისგან. კულებას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ “ნაწილობრივი ზომების” მიღება საკმარისი აღარ არის და ბუჩას მსხვერპლთა და უკრაინელი ხალხის სახელით, მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს.


კიევთან ახლოს მდებარე ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ – იუწყება BBC. AFP-ის რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს ხელები ჰქონდა შეკრული. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვია უკნიდან აქვს მოხვედრილი.უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, კიევის მიმდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხანში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, ხოლო უკარაინა შეიარაღებას მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი