ახალი ამბები

სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც – კობახიძე

4 აპრილი, 2022 • 1751
სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმდჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრიანის „დასჯასთან“ დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში „სასპეკულაციო“ არაფერი არ არის.

საუბარია ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა“.

კობახიძის განმარტებით, დასჯა შეიძლება სამართლიანიც და უსამართლოც იყოს და ღარიბაშვილი იმის შესახებ საუბრობდა, რომ უსამართლო სამხედრო აგრესიის გზით რუსეთმა უკრაინას ყოვლად გაუმართლებელი ზიანი მიაყენა.

„უკრაინის ზიანი არის უმძიმესი, უკრაინის მოსახლეოებას უმძიმესი ზიანი მიადგა და ის, რაც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის სახით უკრაინის მიმართ ხორციელდება, არის დასჯის აქტი. ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც. ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა.

აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება. სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას უმძიმესი ზიანი მიადგა. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს სახელმწიფოა. ყველა თვალსაზრისით ზიანი არის ძალიან მძიმე და ამ ქვეყანას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება. წარმოიდგინეთ, სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ.
რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, პრემიერის განცხადების კრიტიკით ოპოზიცია ცდილობს, საკუთარი განზრახვა გაამართლოს.

„გუშინ მოვისმინე ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ფრაზა, რომ თუ ვინმე დღეს არ არის დასჯილი და დაჩაგრული, ეს არის უკრაინა. ამით ისინი ცდილობენ, რომ გაამართლონ საკუთარი განზრახვა და ეს განზრახვა არის ერთადერთი – რამენაირად საქართველო ჩართონ იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ახლა წარმოებს უკრაინაში. ეს არის სინამდვილეს აბსოლუტურად აცდენილი, ვითარება არის ძალიან მძიმე უკრაინაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მდგომარეობა ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.


“სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ქობულეთში ჟურნალისტებთან საუბარში.

მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ასე შეაფასა:

“რაც უკრაინაში ხდება, უაღრესად შემაშფოთებელია, 4000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსია დანგრეული, განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გაასწორებული… ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები, ამ ომს, ამ უბედურებას… სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის, თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ხედავთ, რომ ეს პროცესი  გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინაა”, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი