ახალი ამბები

რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ – ღარიბაშვილი

4 აპრილი, 2022 • 826
რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა მუშაობს ქვეყანაში “რაც შეიძლება მეტი ჰესის” მშენებლობის პროექტზე, რომელსაც მომავალ კვირაში წარადგენს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობის დავალება მისცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს და, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ბიზნესს “გაუკეთებენ შეთავაზებას”:

“ჩვენ ენერგეტიკის სექტორში გვჭირდება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის.

ამის თაობაზე მე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს დავავალე. ჩვენ უახლოეს დღეებში შევიმუშავებთ საბოლოო მოდელს, წარმოგიდგენთ და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში უკვე მექნება, რათა ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნა საქართველოსთვის, თუმცა მისი წარმოება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნა-მოხმარებას:

“რაც ძალიან დიდი რისკის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას”, – აღნიშნა პრემიერმა.


საქართველოში ერთ-ერთი დიდი ჰესის – ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა, რაც 2020-2021 წლებში ფართომასშტაბიან აქციებში გადაიზარდა. მოძრაობას “რიონის ხეობის მცველები” ასობით დღის განმავლობაში კარვები ჰქონდა გაშლილი იმ ადგილებში, სადაც კომპანია “ენკა” ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას იწყებდა.

ადგილობრივი აქტივისტების მიერ გამართული აქციები ადგილზე რამდენჯერმე დაარბია პოლიციამ.

აქტივისტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა, თუმცა, როგორც იმ პერიოდისთვის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, ამან შედეგი ვერ გამოიღო. აქტივისტებმა, სახელმწიფო სტრუქტურების და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა ვერც ერთი მცდელობისას შეძლეს საერთო შეთანხმების მიღწევა, რომელიც ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი იქნებოდა.

საბოლოოდ, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA Renewables-მა 2022 წელს ოფიციალურად გაწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მთავრობასთან. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ოფიციალურად გაუქმდა 2019 წლის 25 აპრილს დადებული ხელშეკრულება, 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება კი ჩამოიწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი