ახალი ამბები

„ქართული ფილმი“: დსთ-ის ქვეყნების კინოსტუდიებთან თანამშრომლობას ამჟამად არ ვგეგმავთ

4 აპრილი, 2022 • 1244
„ქართული ფილმი“: დსთ-ის ქვეყნების კინოსტუდიებთან თანამშრომლობას ამჟამად არ ვგეგმავთ

სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხათუნა ხუნდაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დსთ-ის ქვეყნების კინოსტუდიებთან თანამშრომლობას „ქართული ფილმი“ ამ ეტაპზე არ განიხილავს.

მისი თქმით, 2019 წელს ექვსი ქვეყნის კინოსტუდიებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს და დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მისი თქმით, „ქართულმა ფილმმა“ დუშანბეში გასამართი ღონისძიების ორგანიზატორებს ოფიციალურად აცნობეს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და არც თანამშრომლობას გეგმავენ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე:

„ეს ალიანსი ოფიციალურად ჯერ არც არსებობს. 2019 წელს ექვსმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები და ამ შეხვედრებზე ჩვენ გარკვევით ვუთხარით, რომ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული არსებული ვითარების გამო და თავს ვიკავებთ ყველანაირი შეხვედრისგან. ამის შესახებ ოფიციალურად ვაცნობეთ წერილობით და პირველსავე დღეს ჩართვა გავაკეთეთ, მივესალმეთ, მადლობა ვუთხარით, შემდეგ სამი დღე მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები და ჩვენ მონაწილეობა არცერთში არ მიგვიღია.

არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით. ჩვენ რუსეთში არ წავსულვართ, იყო ტაშკენტი და უზბეკეთი და არც ტაშკენტია ომის მონაწილე და არც უზბეკეთი. მათი პოლიტიკური [დამოკიდებულებები] მე არ მაინტერესებს იმიტომ, რომ ეს არის კინო და ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით არანაირად. აქ იყო დაგეგმილი ურთიერთგაცვლითი სერვისები, რომელსაც საქართველოსთვის დამატებითი ფინანსები შეიძლება შემოეტანა. ეს არის აპოლიტიკური, ხელმოწერები იქ არის მხოლოდ კინოსტუდიის თანამშრომლების. საერთოდ არ შევხებივართ პოლიტიკას“ ,- ამბობს ხათუნა ხუნდაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დსთ-ის ქვეყნებმა და საქართველომ ერთობლივი კინოწარმოებისთვის ალიანსი შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტო ავრცელებს. დსთ-ის ქვეყნების კინოსტუდიებთან ერთად, მითითებულია „ქართული ფილმი“.

როგორც მედიასაშუალება „ფერგანა“ წერს, შეთანხმება დუშანბეში შედგა და მის ფარგლებში დსთ-ის ქვეყნები და საქართველო კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ „უზბეკფილმი“, „ტაჯიკფილმი“, „ბელარუსფილმი“, „ყახაზფილმი“, „ყირგიზფილმი“, „თურქმენფილმი“, „მოსფილმი“, „ლენფილმი“, „ლენდოკი“ და სხვა კინოსტუდიები. ასევე, ფორუმზე წარმოდგენილი იყო მოლდოვის ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი და სანკტ პეტერბურგის დოკუმენტური კინოს ასოციაცია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ალიანსის სამუშაო სახელწოდება არის „დსთ-ისა და საქართველოს კრეატიული ასოციაციებისა და კინოსტუდიების საერთაშორისო ალიანსი. მის თავმჯდომარედ აირჩიეს უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს ხელმძღვანელი ფირდავს აბუხალიკოვი, გენერალური დირექტორი კი „ბელარუსფილმის“ წარმომადგენელი ვლადიმირ კრაჩევსკი იქნება.

,ქართული ფილმი“ სააქციო საზოგადოებაა, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ხათუნა ხუნდაძე. დირექტორთა საბჭოში ასევე შედიან გიორგი ხარებავა და მერაბ კოკოჩაშვილი. სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ მთავარი აქციონერი ეკონომიკის სამინისტროა.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდა საქართველოს კულტურის სამინისტროსაც. უწყებაში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი