ახალი ამბები

2 ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

4 აპრილი, 2022 • 1155
2 ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორამციას თავად უწყება ავრცელებს. შემთხვევა 2 აპრილს მოხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ორგანიზაციაში 20-მდე პირს შორის დაიწყო სიტყვიერი კამათი, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან თან მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაც.

მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა 1971 წელს დაბადებული კ.ქ., შემთხვევის ადგილის მიმდებარედ კი გარდაიცვალა 1970 წელს დაბადებული ვ.გ. ამას გარდა, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ოთხმა პირმა. ისინი ამჟამად კლინიკაში იმყოფებიან.

სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული კ. მ. (განზრახ მკვლელობის ბრალდებით) და 1971 წელს დაბადებული გ.ქ. (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით).

ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული გ. გ. 1991 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული გ. პ.

შსს-ს ინფორმაციით, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108 -ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის 7-ე ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი