ახალი ამბები

მაღლაფერიძეს საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს

2 აპრილი, 2022 • 1791
მაღლაფერიძეს საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს

ვასილ მაღლაფერიძეს, რომელიც 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ახლა ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს. საბჭოს წევრობის 12 მსურველის სია პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში, რომელიც, სხვა კანდიდატების მსგავსად, მაღლაფერიძემაც წარმოადგინა, ვკითხულობთ:

“საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად კენჭისყრა გადავწყვიტე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჯერ გენერალურ დირექტორად და შემდეგ პროდიუსერად მუშაობის პერიოდში დაგროვილი გამოცდილება ამ გარდამავალ პერიოდში საქართველოს პირველ არხს ნამდვილად გამოადგება”.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს 2 საკითხი: საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის “მაქსიმალურად უმტკივნეულოდ” წარმართვა და მაუწყებლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომლის “დაცვისა და კონტროლის უმთავრეს ორგანოდაც” საბჭო უნდა იქცეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ მაღლაფერიძე გარკვეული ხნის მანძილზე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში საქმიანობდა. პოლიტსაბჭოს წევრად ის 2021 წლის იანვარში აირჩიეს, თუმცა იმავე წლის მარტში თანამდებობა დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

მაღლაფერიძის გარდა, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა ასევე სურთ: ალექსი ნონიაძეს, ბელა კოპალიანს, გიორგი იასაშვილს, გიორგი ჭანტურიას, გუგული მაღრაძეს, დონარა შონავას, ზაზა ხუციშვილს, ლაშა ტუღუშს, ლია შავგულიძეს, მარინა გიორგაძესა და არინა თავაქარაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი