ახალი ამბებისამართალი

რატომ დაასრულა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ერთ საქმეზე წარმოება

1 აპრილი, 2022 • 5829
რატომ დაასრულა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ერთ საქმეზე წარმოება

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ერთი საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის მხარის ინფორმაციით კი, სამინისტრო ფაქტებით მანიპულირებს.

სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.

“ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას.

ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკზე გავრცელებული განცხადების თანახმად კი, ამ საქმეზე სტრასბურის სასამართლომ წარმოება მისი მიმართვის საფუძველზე დაასრულა.

“ჩემი შიმშილობის პერიოდში, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობდა კლინიკაში გადაყვანაზე, მივმართე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვე საჩივრის შეტანამდე დროებითი ღონისძიებით მთავრობის დავალდებულება, განეხორციელებინა აუცილებელი და კანონით დადგენილი ქმედებები. სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შესაბამისი დავალება მისცა საქართველოს მთავრობას, რის შედეგადაც გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამის შემდეგ, 2021 წლის 07 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ (იხილეთ ფოტო). სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა. მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში. ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოსთვის სხვა არაერთ საქმეზეც აქვს მიმართული.

სააკაშვილის საჩივრები სტრასბურგში გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი