ახალი ამბები

შეიძლება ვინმემ სიგარეტი მოწია არასწორ ადგილას – არესტოვიჩი ბელგოროდზე

1 აპრილი, 2022 • 5136
შეიძლება ვინმემ სიგარეტი მოწია არასწორ ადგილას – არესტოვიჩი ბელგოროდზე

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ბელგოროდის ნავთობბაზაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ უკრაინა არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება.

„დღევანდელი მდგომარეობით უკრაინის სახელმწიფო აწარმოებს თავდაცვის ოპერაციას რუსული შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა აგოს პასუხი ყველა არასწორ გათვლაზე, ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე, რომელიც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ მსგავს ბრალდებებს. ამიტომ ამ ინფორმაციას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, — განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ თქვა, რომ „ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს“ უკრაინის მონაწილეობას რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ნავთობბაზაზე თავდასხმაში, რადგან არ ფლობს სამხედრო ინფორმაციას.

ბელგოროდის ნავთობბაზაზე ხანძარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩიც.

„დილიდან ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ბელგოროდში რაღაც ფეთქდება, იწვის, პანიკაა… უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველა ზომას იღებს და მეთოდს მიმართავს, რომ უკრაინის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა, მშვიდობა უზრუნველყოს. თავდაცვით სამხედრო მოქმედებებს ვატარებთ ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ამაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. თავად უნდა გაერკვნენ, რა ხდება ბელოგოროდში. შეიძლება ვინმემ სიგარეტი მოწია არასწორ ადგილას, შეიძლება სხვა რამეა, შეიძლება რუსი სამხედროების საბოტაჟია — უკრაინაში შემოსვლის ბრძანების შესრულება არ სურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, რუსეთის ხელისუფლებაზეა. კითხვებიც მათ მიემართება“, — თქვა არესტოვიჩმა.

გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე, სადაც ნავთობის 8 საცავი იწვის, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა. თავად უკრაინას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია აღნიშნული ინფორმაცია.

კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიაწოდეს ინფორმაცია ბელგოროდის მოვლენების შესახებ და „მიიღება ზომები, რათა მოხდეს საწვავის მიწოდების ჯაჭვების რეორგანიზაცია“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბელგოროდის შემთხვევა არის თუ არა კონფლიქტის ესკალაცია, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რაც შეიძლება აღქმული იყო, როგორც კომფორტული პირობების შექმნა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“.

ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და არის უახლოესი რუსული ქალაქი უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან. ნავთობბაზაზე ხანძარს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა ასევე ბელგოროდში ხანძარი იარაღის საწყობში. მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს „ადამიანურმა ფაქტორმა“ გამოიწვია.

გუბერნატორი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი