საზოგადოება

გუბერნატორი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს

1 აპრილი, 2022 •
გუბერნატორი რუსეთის ქალაქ ბელგოროდის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს

გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე, სადაც ნავთობის 8 საცავი იწვის, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა. თავად უკრაინას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია აღნიშნული ინფორმაცია. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია რაიმე სახის განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა მოეხერხებინა უკრაინის ვერტმფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე 30 კილომეტრის სიღრმეში შესვლა და შემეგ უსაფრთხოდ უკან დაბრუნება.

ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და არის უახლოესი რუსული ქალაქი უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან. ომის დაწყების დღიდან რუსეთის არმია ხარკოვს განუწყვეტლივ ბომბავს.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობბაზაზე მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, მსხვერპლი არ ყოფილა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.

აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმე დღით ადრე ასევე ბელგოროდში ხანძარი იარაღის საწყობში. მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს „ადამიანურმა ფაქტორმა“ გამოიწვია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი უკრაინაში, მათგან, სულ მცირე, 150 ბავშვია. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, რომელთაგან 4 მილიონი ევროკავშირის ქვეყნებში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი