ახალი ამბები

რუსეთში „ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე” ბრალი მღვდელს წარუდგინეს

1 აპრილი, 2022 •
რუსეთში „ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე” ბრალი მღვდელს წარუდგინეს

Настоящее Время-ს ცნობით, რუსეთში, კიროვის ეკლესიის მართლმადიდებელი მღვდლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოცემა წერს, რომ 33 წლის მართლმადიდებელ მღვდელს პოლიცია „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას ედავება. კერძოდ, 23 მარტს დაწყებული გამოძიების ფარგლებში ადგილობრივი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში უკრაინისა და მისი არმიის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

საქმის მასალების მიხედვით, სასულიერო პირმა დაწერა, რომ „უკრაინულმა არმიამ 17 500 ორკი იმქვეყნად გაგზავნა”, რუსული შეიარაღებული ძალები კი რუს ოკუპანტებად მოიხსენია, რომლებიც ყოველდღიურად დიდ დანაკარგებს განიცდიან.

Настоящее Время წერს, რომ მღვდლის ანგარიში პროკურატურის მიმართვის საფუძველზე 24 მარტს დაიბლოკა.

გამოცემა წერს, რომ საქმის აღძვრის შემდეგ, სანამ ანგარიშს დაბლოკავდნენ, სასულიერო პირს პოსტის წაშლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ სასულიერო პირს ბრალი დაუმტკიცდება, ის შესაძლოა დაჯარიმდეს 3-დან 5 მილიონ რუბლამდე ოდენობის თანხით, მიესაჯოს 5 წლამდე საზოგადოებრივი შრომა, ან 5-დან 10-წლამდე პატიმრობა. ამასთან, Настоящее Время-ს თქმით, მას ასევე აეკრძალა ღვთისმსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი