ახალი ამბები

რუსი ხალხი არაა პასუხისმგებელი თავისი ლიდერის შეშლილ ქმედებებზე — დეპარდიე

1 აპრილი, 2022 • 1454
რუსი ხალხი არაა პასუხისმგებელი თავისი ლიდერის შეშლილ ქმედებებზე — დეპარდიე

ფრანგმა მსახიობმა ჟერარდ დეპარდიემ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და მის ქმედებებს “მიუღებელი” უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დეპარდიემ, რომელიც ადრე ვლადიმირ პუტინს უცხადებდა მხარდაჭერას, განაცხადა, რომ აპრილში დაგეგმილი სამ კონცერტზე ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა”უკრაინელ მსხვერპლებს” გადაეცემა.

ამასთან, მისი თქმით, რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ვლადიმირ პუტინის “შეშლილ ქმედებებზე”:

“რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი მისი ლიდერების შეშლილ ქმედებებზე, როგორიც ვლადიმირ პუტინია. სრული შემოსავალი სამი კონცერტიდან, რომელსაც მე ვატარებ შანზ-ელიზეს თეატრში, გადაეცემა ამ ტრაგიკული ძმათამკვლელი ომის უკრაინელ მსხვერპლებს… ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული მიზიდულობა რუსი ხალხის მიმართ, რომელსაც ასე კარგად აღწერს დოსტოევსკი, ტოლსტოი, გოგოლი, პასტერნაკი და ბევრი სხვა ხელოვანი”, – განაცხადა დეპარდიემ.

მანამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარტის დასაწყისში დეპარდიემ ომი დაგმო და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

ფრანგმა მსახიობმა, საფრანგეთში მდიდრებისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადებისთვის თავიდან არიდების მიზნით, 2013 წელს საფრანგეთი დატოვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. მას შემდეგ ხშირად აქებდა რუსეთის მმართველობას და მას “დიდებული დემოკრატიას” უწოდებდა, მათ შორის, აქებდა პუტინსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი