ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორია რუსეთი აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში

1 აპრილი, 2022 • 5876
როგორია რუსეთი აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში

ავტორი: დავით ჯიშკარიანი


2022 წლის 30 მარტს აფხაზეთის [დე ფაქტო] უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ კატეგორიული ტონით კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აფხაზეთის კონსტიტუცია, პოლიტიკური კლასი და საზოგადოება არ განიხილავს აფხაზეთის გახდომას რუსეთის ნაწილად. ამ კომენტარების გაკეთების აუცილებლობა კი გამოიწვია სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებამ, რომელიც რუსეთთან მიერთების სურვილი ღიად დააფიქსირა და ამ საკითხზე მორიგი რეფერენდუმის ჩატარებაც დააანონსა. ორივე პოლიტიკურ ერთეულში არსებული განწყობები  პროფესიულ წრეებსა თუ ამ რეგიონების პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებისათვის ცნობილია და სენსაციას არ წარმოადგენს.

ეთნიკურ აფხაზებს  (და არა ყველა ეთნიკური ჯგუფის აფხაზეთში) აქვთ განწყობა, რომ მათ არც საქართველოში და არც რუსეთში არ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი. სურთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნა. რამდენად გამოუვიდათ ეს წარსულში ან მომავალში გამოუვათ, ცალკე განხილვის საკითხია. თუმცა მყარი სურვილი ნამდვილად არსებობს. ეს მყარი სურვილი განმტკიცებულია მთელი რიგი ნაციონალიზმისათვის საჭირო ჰუმანიტარული აპარატით და მათ შორის წარსულის აღქმით. ამ კუთხით კი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, თუ როგორაა წარმოჩენილი რუსეთი აფხაზეთის ისტორიის სკოლის სახელმძღვანელოში.

ო.ს ბგაჟმასა და ს.ზ. ლაკობას ავტორობით გამოცემული წიგნი (О.Х. Бгажба История Абхазии С Древнейших времен до наших дней. 10-11 классы. Сухум 2015) ამ ნიშნით მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და ამ საკითხსაც კარგად პასუხობს.

აღნიშნული წიგნის მიხედვით, XIX საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ მიაღწია აფხაზეთის საზღვრებს, საუკუნეების განმავლობაში არსებული ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ცვლილება დაიწყო. ამ პერიოდამდე აფხაზი მთავრები ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომობას შეჩვეულნი იყვნენ, ახალმა რეალობამ  კი თვისებრივი პრობლემების წინაშე დააყენა. მთელი XIX საუკუნის განმავლობაში მიმდინარე რუსეთ- ოსმალეთის ომების ექო აფხაზეთშიც მუდმივად ისმოდა და თავად ფეოდალურ მთავრებს შორის ხდებოდა განსხვავებული ორიენტაციის გამომჟღავნება. მთავრებს შორის  დაპირისპირება არა შიდადინასტიურ ქიშპობად,  არამედ ორი იმპერიის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირებად იქცა.

წიგნში დიდი ადგილი ეთმობა აფხაზეთის მთავრის, ქელეშბეის ვაჟების -სეფერბეისა და ასლანბეის დაპირისპირებას. ეს კონფლიქტი ათწლეულები გაგრძელდა. სეფერბეის მხარს უჭერდა სამეგრელოს მთავარი და რუსეთის ჯარი, ხოლო ასლანბეის – ადგილობრივი ელიტა და ოსმალები. ისტორიკოსები აშკრად კრიტიკულად არიან განწყობილნი სეფერბეის მიმართ, და ეს მხოლოდ იმ მიზნითაა გამოწვეული, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  აფხაზეთის გახდომაში რუსეთის იმპერიის ნაწილად და მას „მარიონეტულ ხელისუფლებად“ მიიჩნევენ. 

აფხაზეთის ისტორიის ამ პერიოდზე საუბრისას ავტორები  ნათლად არ ამბობენ, თუ რომელ იმპერიას ეკუთვნოდა აფხაზეთი, ოსმალეთის იმპერია მხოლოდ ეპიზოდებად ჩნდება და რთული ხდება იმის აღქმა, რომ მიმდინარე პროცესების დროს აფხაზეთი  დამოუკიდებელი ქვეყანა არ ყოფილა. 

აფხაზი მთავრების მიერ რუსეთის იმპერიის ჯარების შემადგენლობაში ლაშქრობები ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოჩენილია, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გამყარება საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე და არავითარ შემთხვევაში თანამონაწილეობა საერთო იმპერიულ პროექტში. იგივე ეხება  საგლეხო რეფორმასაც, რომელიც აფხაზეთში 1866 წელს დაიწყო.   ის არა რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესების ნაწილად, არამედ აფხაზებისათვის თავს მოხვეულ პოლიტიკადაა მიჩნეული, რადგან „უშუალოდ ადმინისტრაციის შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მას არ სურდა გაეგო ამ მცირე სახელმწიფოს თავისებურება, რომლის შიდა ცხოვრებაც განსხვავდებოდა საკუთრივ რუსეთის, საქართველოს და მეზობელი სამეგრელოს ცხოვრებისაგან და სადაც ბატონყმური ურთიერთობები არ არსებობდა“ (ბგაჟბა, ლაკობა .. გვ.248)

აფხაზებს რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესებისგან განყენებულად ხედავენ ავტორები რევოლუციური მოძრაობების კუთხითაც, „აფხაზი გლეხი, რომელიც ეწეოდა ნატურალურ მეურნეობას, ცხოვრობდა სხვა პატრიარქალური ტრადიციებით, არ შეეძლო აღექვა მარქსიზმი – მუშათა კლასის იდეოლოგია, სოციალ-დემოკრატიული იდეები, და ამ ობიექტური მიზეზების გამო გვერდზე იდგნენ პირველი რევოლუციური ტალღებისას“ (ბგაჟბა, ლაკობა .. გვ.275)

მიუხედავად ამ განწყობისა, რუსეთის იმპერიის პერიოდში აფხაზეთის აღწერისას ავტორები  საუბრობენ ეკონომიკურ აღმავალობაზე, ინდუსტრიაზე, ტურიზმზე, ახლებურ არქიტექტურაზე, ურბანიზაციასა და განათლების გავრცელებაზე. თუმცა ეს პროცესები ნარატივით აბსოლუტურად უმნიშვნელოა აფხაზებისათვის ყველაზე ტრაგიკული მუჰაჯირობის პროცესთან შედარებით. „1877 წლის ტრაგიკული მოვლენებამდე აფხაზეთში ცხოვრობდა ძირძველი მოსახლეობა. რამდენიმე წელიწადში კი ის გადაიქცა ჭრელ ეთნიკურ მხარედ“. მოდერნიზაციამ ვერ ჩაანაცვლა უმთავრესი ნაციონალური ტრავმა მუჰაჯირობა და ის რუსეთის იმპერიის პერიოდს უკავშირდება.

სიტუაცია რადიკალურად იცვლება საბჭოთა პერიოდის აღწერისას. აფხაზურ ისტორიოგრაფიაში იმპერიის ცენტრის ფუნქციას არა მოსკოვი, არამედ რესპუბლიკის ცენტრი თბილისი ასრულებს. მოსკოვს კი უფრო მნიშვნელოვანი ფუქნცია ენიჭება მედიაციასა და შერიგებაში, რომელიც პოლიტიკაში წაკინკლავებულ „პროვინციელ, გათამამებულ ბავშვებს“ შეარიგებს ხოლმე. 

რუსეთის როლი 200- წლიან ისტორიაში აფხაზეთის სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოში ერთგვაროვანი და ერთხაზოვანი არაა. თუ XIX საუკუნის დასწყისში ის აფხაზეთის სამთავროში დამკვიდრებულ ხანგრძლივ ტრადიციული ყოფის დარღვევასთან ასოცირდება, შემდეგ როლს იცვლის და აფხაზური ნარატივით უმთავრესი პრობლემისა და გამოწვევის, ქართველთა „ექსპანსიის“ შემაკავებელი ფაქტორი ხდება.  აფხაზეთის ისტორიის ამ წიგნში არ ხდება რუსეთის რომანტიზება და ჰეროიზაცია, არც რუსული კულტურის გაფეტიშება და მასთან სიახლოვე ასოცირდება განვითარებასთან.  ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც რუსეთის მიმართ მადლიერება ჩანს, ეს 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებაა, ოღონ ამ ნარტივის მიხედვით ეს აღიარება აფხაზი ერის სურვილთან ერთად „ქართველთა აგრესიის შიშით“ და „ევროპელთა ორპირობაზე“ პასუხითაა განპირობებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი