ახალი ამბები

არ ვაღიარებთ, არ აქვთ ამის უფლება – ნედ პრაისი ცხინვალში რეფერენდუმზე

1 აპრილი, 2022 • 1904
არ ვაღიარებთ, არ აქვთ ამის უფლება – ნედ პრაისი ცხინვალში რეფერენდუმზე

შეერთებული შტატების სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ შტატების ხელისუფლება არ აღიარებს „რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ“.

31 მარტს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტ დავით ნიკურაძის კითხვაზე, რა პოზიცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო მთავრობის მიერ ჩანიშნულ რეფერენდუმზე ტერიტორიის რუსეთთან მიერთების საკითხზე, პრაისმა განაცხადა, რომ აშშ გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას რუსეთის მიერ.

მან განაცხადა, რომ შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და „შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, კერძოდ, გაიყვანოს ჯარები 2008 წლის კონფლიქტამდელ პოზიციებზე.

„არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის მთავრობას არა აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის მომავალზე. ის საქართველოს შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა მან.

„ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგებს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მიიღებს იურიდიულ ზომებს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია.

კრემლის პრესპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვს არ მიუღია არც იურიდიული და არც სხვა ზომები სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანს პატივს სცემს.

„მე ვერანარ პოზიციას ვერ გამოვხატავ [მიერთებასა და რეფერენდუმზე]. ჩვენ ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ განგვიხორციელება, მაგრამ, ამავე დროს, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვაზე და ჩვენ მას პატივისცემით ვეპყრობით“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი