ახალი ამბები

გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ უკრაინაზე ჩემი და მთავრობის პოზიციები დიდად განსხვავდება

1 აპრილი, 2022 • 1130
გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ უკრაინაზე ჩემი და მთავრობის პოზიციები დიდად განსხვავდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „გადაჭარბებულია“ იმის თქმა, რომ უკრაინის საკითხზე მისი და საქართველოს მთავრობის პოზიციები განსხვავდება.

31 მარტს CNN-ის ეთერში, ქრისტიან ამანპურთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, – რომლის დასმის დროსაც ამანპურმა თქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ზურაბიშვილს „აპირისპირებს“ მთავრობასთან, – ზურაბიშვილმა განაცხადა:

„არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს … ზუსტი აღწერაა. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ეს საკმაოდ დიდი რამაა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის. ჩვენ, ამავე დროს, ვმონაწილეობთ ყველა რეზოლუციაში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერადა იქნა მიღებული. ასე რომ, ვფიქრობ, ცოტათი გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ დიდი განსხვავებაა [ჩვენ] შორის. შესაძლოა, [ამის მიზეზი იყოს] სიტყვები, რომელთაც მთავრობა იყენებს, და აღქმა მოსახლეობაში“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, – როდესაც 14 მარტს პარლამენტის წინაშე სიტყვით წარდგა, – გააკრიტიკა პარლამენტი და თქვა, რომ დღეს საზოგადოება პარლამენტარებზე ფხიზელი და შეგნებულია.

მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის მიმართ მოქალაქეებმა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ერთიანობა გამოავლინეს. ამასთანავე, აღნიშნა, რომ უკრაინის დამსახურებაა „დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი“.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, მისი ევროპაში ვიზიტების გამო დაუპირისპირდნენ.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებთან მართავდა შეხვედრებს, გარდა ამისა, აქტიურად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიაში უკრაინის საკითხზე, სადაც აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და საუბრობდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. „ოცნებისა“ და მთავრობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შეახსენეს, რომ ქვეყნის საგარეო-საშინაო პოლიტიკას თავად განსაზღვავენ და არა — პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი