ახალი ამბები

პუტინი ვერ დაგვაშანტაჟებს – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

31 მარტი, 2022 • 1084
პუტინი ვერ დაგვაშანტაჟებს – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-კანცლერი რობერტ ჰებეკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გაზის შესყიდვისთვის ანგარიშწორება რუბლში გაგრძელდეს, არის „შანტაჟი“ და პუტინი დასავლეთს ვერ დააშანტაჟებს.

31 მარტს ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ჰებეკმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ უნახავს პუტინის ხელმოწერილი ბრძანება, თუმცა იქვე განაცხადა:

„რაც შეეხება ამ მუქარას, მოთხოვნას თუ თხოვნას, – არც ვიცით, რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, – რომ ანგარიშსწორება რუბლში მოხდეს: ჩვენთვის აუცილებელია, რომ კონტრაქტის [პირობები] იყოს დაცული“, – განაცხადა მან.

კონტრაქტების თანახმად, ანგარიშსწორება მხოლოდ დოლარსა და ევროშია შესაძლებელი და არა რუსულ რუბლში, როგორც ამას რუსეთის ფედერაცია ითხოვს.

„მნიშვნელოვანია, გავაგზავნოთ სიგნალი, რომ პუტინი ვერ დაგვაშანტაჟებს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

ბრიტანეთის პრემიერის სპიკერმა კი განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო არ გეგმავს რუბლში ანგარიშსწორებას.


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, პირველი აპრილიდან უცხოელმა მყიდველებმა რუსული გაზი რუსეთის ეროვნულ ვალუტაში, რუბლში უნდა შეიძინონ.

მისი განცხადებით, უკვე დადებული კონტრაქტებიც გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ გაზის შემსყიდველები რუბლში გადახდაზე უარს განაცხადებენ.

„რუსული გაზის ყიდვისთვის მათ აუცილებლად უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. ხვალიდან სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება შესყიდვები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„არავინ გვაძლევს რაიმეს უფასოდ და ჩვენც არ ვაპირებთ ქველმოქმედებას, ამგვარად, არსებული კონტრაქტები შეწყდება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთი ევროპის გაზის მომარაგების დაახლოებით მესამედზე მეტს აკონტროლებს.

რუსეთისთვის რუბლში ბუნებრივი აირის გაყიდვა მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმისთვისაც, რათა რუსულ ვალუტაზე მოთხოვნა ხელოვნურად გაიზარდოს, რაც, კრემლის მოსაზრებით, შეაფერხებს რუბლის გაუფასურებას.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ სტატიას ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი