ახალი ამბები

რუსეთში დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც პრესკონფერენციაზე უკრაინის ფერებში ჩაცმული მივიდა

31 მარტი, 2022 •
რუსეთში დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც პრესკონფერენციაზე უკრაინის ფერებში ჩაცმული მივიდა

კრასნოიარსკში პოლიციამ ჟურნალისტი მარია ანტუშევა დააკავა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში რამდენიმე პუბლიკაციაა, რომელიც ანტუშევამ ინსტაგრამსა და ვკონტაქტეზე გამოაქვეყნა. თავად ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქმის აღძვრას წინ უძღოდა მისი ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე, რომელზეც ყვითელი როლინგით და თავზე ლურჯი სახვევით გამოცხადდა. საკუთარი ფოტო ჟურნალისტმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

ანტუშევას თქმით, მისი ვარაუდით, გამოძიება უშუალოდ ფოტოს გამო არ დაწყებულა, თუმცა აღნიშნულმა ყურადღება გაზარდა მისი სოციალური ქსელების მიმართ, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც.

„რადიო თავისუფლება“ აცხადებს, რომ რეგიონის შინაგან საქმეთა უწყებამ საკითხის კომენტირებაზე უარი თქვა. კრასნოიარსკის სასამართლომ კი ჟურნალისტი გაამტყუნა და მას 30 000 რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. გამოცემა წერს, რომ ანტუშევა გეგმავს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი