ახალი ამბები

იმის შედეგია, რომ წლებია მთავრობა ეროვნულ ინტერესებს არ იცავს – ბოკერია ე.წ. რეფერენდუმზე

31 მარტი, 2022 • 881
იმის შედეგია, რომ წლებია მთავრობა ეროვნულ ინტერესებს არ იცავს – ბოკერია ე.წ. რეფერენდუმზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესაძლო ანექსიაზე განცხადებები იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დასაცავად არ მოქმედებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონის ანექსია პუტინის რეჟიმს უკვე მოხდენილი აქვს, ჩვენი პოლიტიკური უბედურება არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ახლა, არ მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად მაშინ, როცა ჩვენი მტერი მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ.

ამის შედეგია თუნდაც ის განცხადებები შესაძლო ანექსიის შესახებ. ჩვენ არ ვიცით, ეს ნაბიჯი გადაიდგმება თუ არ გადაიდგმება, ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ჩვენი მტერი მოქმედებს და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე.


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 10 აპრილის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს დროში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ჰპირდება. მსგავსი განცხადებები მას აქამდეც  არაერთხელ გაუკეთებია.

“ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია რუსეთის ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ.

უახლოეს დროში შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იქნება ჩვენ მიერ გადადგმული. რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს”, – ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში, რომელიც დღეს, 30 მარტს მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი