არასამთავრობო ორგანიზაციები, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აცოციასია“ (საია) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორის, გაგა ჩხეიძის ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ.
ამის შესახებ განცხადებას „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრი აცრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები უკვე იცავენ კულტურის სფეროდან გათავისუფლებული 22 ადამიანის ინტერესებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და მასშტაბური ცვლილებების შედეგად, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო, 70-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის ზაფხულში კინოცენტრში აუდიტი ჩატარდა და შესაბამისი დასკვნა მომზადდა. გაგა ჩხეიძის თქმით, დასკვნის მომზადებიდან რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, 2022 წლის მარტში, აუდიტის დასკვნაში შევიდა ცვლილებები (თვალშისაცემია შრიფტის განსხვავებაც კი):
„კერძოდ, მარტში გამოცემულ დასკვნაში, რომელიც სამინისტრომ რეაგირებისათვის პროკურატურას გადაუგზავნა, საუბარია კინოცენტრში არსებულ ხარვეზებზე და ნათქვამია, რომ რამდენიმე დარღვევა შესაძლოა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. საგულისხმოა, რომ არცერთ ჩამატებულ საკითხზე გაგა ჩხეიძესთან მსჯელობა არ ყოფილა. ცალსახაა, რომ ცვლილებების მიზანი გაგა ჩხეიძის პასუხისმგებლობის დამძიმება და მისი უკანონო გათავისუფლებისათვის ხელოვნური საფუძვლის შექმნა იყო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
განცხადების ავტორების თქმით, ყოფილი დირექტორი საუბრობს მინისტრის მიერ კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევის კონკრეტულ შემთხვევებზე, არაკორექტულ და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე, რაც, სავარაუდოდ, განპირობებული იყო მინისტრთან შეხვედრების დროს გაგა ჩხეიძის მიერ დაფიქსირებული პრინციპულობითა და კინოცენტრის საქმიანობის შინაარსსა და ფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებით:
„მაგალითად, კინოცენტრის ყოფილ დირექტორს სამინისტრომ მითითება მისცა, აუცილებლად დაეფინანსებინა კონკურსის მონაწილე ერთ-ერთი კინორეჟისორის პროექტი, თანაც 100%-ით, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას; მინისტრმა აგრეთვე მოითხოვა, რომ გაგა ჩხეიძის ნებისმიერი ტელეგამოსვლა მასთან შეთანხმებულიყო; უფრო მეტიც, კინოცენტრის ყოფილ დირექტორს მან მოსთხოვა, რომ პროექტის შესარჩევი კომისიის წევრად დაენიშნა მმართველი პარტიისადმი ლოიალური კონკრეტული პირი, რაც კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევისა და სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობად შეიძლება შეფასდეს“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მინისტრის მიერ კულტურის სფეროს თანამშრომელთა გათავისუფლებებისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრება, როგორც მუქარის მეთოდი, გამოყენებული იყო ეროვნული მუზეუმის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემთხვევაშიც. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, ამ ხერხით მინისტრი ცდილობს მაღალი ნდობისა და კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების დისკრედიტაციას და, ამასთან, სავარაუდო მიზნად ისახავს გათავისუფლებულ პირებს შორის შიშის დათესვას, რათა მათ უარი თქვან სასამართლოში დავების წარმოებაზე.
გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე არჩეული იყო მეორედ ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, და უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თვენახევარი ჰქონდა დარჩენილი.
ორგანიზაციის განცხადებით, გაგა ჩხეიძე იყო ქართული ფილმის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი მისი დაარსების დღიდან – 2005 წლიდან, საიდანაც, ასევე, თეა წულუკიანმა გაათავისუფლა:
„აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 30 მარტს გამოცხადებული კონკურსის შედეგების თანახმად, კულტურის სამინისტრო არ დააფინანსებს გაგა ჩხეიძის დაარსებულ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს. გაგა ჩხეიძე 35 წელია კინოს სფეროში მუშაობს როგორც ევროპაში, ასევე, საქართველოში და დარგის აღიარებული სპეციალისტია. ის არის ევროპის კინოაკადემიის წევრი. კინოცენტრში მისი დირექტორობის განმავლობაში განხორციელდა არაერთი შიდა და საერთაშორისო პროექტი, რაც დადებითად ფასდებოდა ქართული კინოს განვითარების მხარდაჭერისა და სწორი კინოპოლიტიკის გამო“, – წერია განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ცალსახაა, კულტურის სამინისტროს გაცხადებული საკადრო პოლიტიკა არის დარგის სრული კონტროლი, თანამშრომელთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევა, ცენზურის დანერგვა და განსხვავებული აზრის გამო პროფესიონალი კადრების დევნა. ხელმომწერი ორგანიზაციები მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ:
- შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის – პროკურატურის, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარა გათავისუფლებულ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მიზნით, რათა მათ მიეცეთ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა;
- შეწყვიტოს კულტურის სფეროს პროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული თუ განსხვავებული მოსაზრებების გამო. შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ თავისუფალ გარემოში მუშაობა როგორც ეროვნული კინემატოგრაფიის მხარდასაჭერად, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად.