ახალი ამბები

გერმანია გაზისთვის ანგარიშსწორებას ევროში გააგრძელებს – შოლცი

31 მარტი, 2022 • 753
გერმანია გაზისთვის ანგარიშსწორებას ევროში გააგრძელებს – შოლცი

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციასთან გაზისთვის ანგარიშსწორება ჩვეულ ვალუტაში, ევროში გაგრძელდება.

ეს განცხადება მთავრობის პრეს-სპიკერმა 30 მარტს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და კანცლერ ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა კანცლერ შოლცს განუცხადა, რომ გერმანიისთვის „არაფერი შეიცვლება“.

სპიკერის განცხადებითვე, ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს განუცხადა: „გადახდა ევროში განხორციელდება“ ბანკ „გაზპრომში“, რომელიც „თანხას რუბლში გადაცვლის“.

შოლცის განცხადებით, დიდი შვიდეულის ფარგლებში არსებული შეთანხმება ითვალისიწნებს, რომ გაზისთვის ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ დოლარში ან ევროში.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის.

მისი განცხადებით, რუსეთის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ერთი კვირა აქვთ ვადა, რათა გამონახონ გზა, თუ როგორ გადაიტანონ შესაბამისი ოპერაციები რუსულ ვალუტაში, რის შემდეგაც „გაზპრომი“ ცვლილებებს შეიტანს კონტრაქტებში.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3%-ისა კი – გირვანქა სტერლინგში.

რუსეთი ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს – „როიტერსის“ ცნობით, დღიურად, ევროპული ქვეყნები 200-დან 800 მილიონამდე ევროს ეკვივალენტს უხდიან მოსკოვს ევროსა და დოლარში.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი