ახალი ამბები

ელენე დარიანის წიგნის ახალი ტირაჟი დაიბეჭდა

30 მარტი, 2022 • 1140
ელენე დარიანის წიგნის ახალი ტირაჟი დაიბეჭდა

ელენე დარიანის წიგნის ახალი ტირაჟი გამოიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმი ავრცელებს.

მუზეუმის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც კრებულის გამოცემა დააფინანსეს, საკუთარი ეგზემპლარის მიღებას პირველი აპრილიდან შეძლებენ. წიგნის შეძენა ასევე შეეძლება ყველა მსურველს.

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ლიტერატურის მუზეუმმა ელენე დარიანის კრებული წლის დასაწყისში გამოსცა. მალევე, მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა განცხადება, რომ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად შეცდომით მითითებული იყო ელენე ბაქრაძე (დარიანი).

აღნიშნულს გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო, რომელმაც განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან გეგმავდა, „სერიოზულად განიხილოს“ მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი.

ამასთან, სამინისტრომ მოითხოვა აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების და გაწეული ხარჯების დაბრუნება.

როგორც მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებდა, მუზეუმს კულტურის სამინისტროსთვის 6 280 ლარი უნდა გადაეცა. ახალი ტირაჟის დასაბეჭდად კი იმავე თანხას ვარაუდობდა. ანუ, ჯამში, შესაგროვებელი იყო 12 560 ლარი.

აღნიშნულის შემდეგ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც წიგნის ხელახლა გამოსაცემად თანხის შეგროვება დაიწყო.

ჯამში, 31 564.85 ლარი შეგროვდა და დაიბეჭდა წიგნის 1200 ეგზემპლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი