ქართველი სტუდენტები,  რომლებიც  უცხოეთში სასწავლებლად,  პრეზიდენტის ფონდის იმედად წავიდნენ, რამდენიმე თვეა  სწავლისა და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენ. პრეზიდენტის ფონდი თავადვ პრეზიდენტმა გააუქმა. თებერვლის შემდეგ სტუდენტების ნაწილი ლექციებს იმიტომ ვერ ესწრება, რომ გზის ფული არ აქვს, ნაწილი კი მშობლების ხარჯზე ცხოვრობს. განათლების  სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დღეიდან დაიწყება  სტუდენტებისთვის ფულის გადარიცხვა.

ლეიდენის უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ ნასყიდაშვილი ამბობს,  რომ იმ სასწავლებლის ვებ-გვერდის თანახმად, სადაც თითონ სწავლობს, სტუდენტის ცხოვრება 700-900 ევრო ღირს.  მას თებერვლიდან ოჯახი არჩენს, ანუ საჭმლის და ბინის ფულს საქართველოდან მშობლები უგზავნიან.  სტუდენტების თქმით, ისინი საარსებო ფულის გარეშე არიან დარჩენილი: „ეს ჩვენი საარსებო წყაროა. საკვების ფული, გზის ფული…  რამდენიმე ბავშვი უნივერსიტეტშიც ვერ დადის, რადგან გზის ფული არ ჰქონდათ. რაღაც პერიოდი მართლა ვშიმშილობდით, ზოგი ახლაც შიმშილობს. მშობლები გზავნიან რაც შეუძლიათ, მარა როდემდე. ამდენის საშუალება რომ ჰქონოდათ ოჯახებს, საერთოდ არ მივმართავდით პრეზიდენტის ფონდს სტიპენდიაზე”,  – ამბობს ნინა აბრამიშვილი, ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტი.

მარიამ ნასყიდაშვილის თქმით, თანხის დაგვიანების გამო სწავლაზე კონცენტაციას ვერ ახდენს, რაც აშკარად აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზე.

ქართველი სტუდენტები მსოფლიოს რეიტინგულ უნივერსიტეტებში მაგისტრატურაში სასწავლებლად ერთი წლით გაემგზავრენ. სტიპენტია, რომელსაც პრეზიდენტის ფონდი ურიცხავდა, რამდენიმე თვეა არ მიუღიათ.  ქართველ მაგისტრებს  მიუვიდათ პრეზიდენტის ბრძანებულება, სადაც წერია, რომ ფონდი გაუქმდა, თანხის ჩარიცხვის მოთხოვნით კი განათლების სამინისტროს უნდა მიმართონ.

პრეზიდენტის ფონდის პროგრამა  2010 წლის 1 იანვრიდანაა ლიკვიდირებული პრეზიდენტის  #970 ბრძანებულების თანახმად.

ამავე ბრძანებულების მიხედვით, ფონდის ყველა პროგრამა უნდა გადასცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას (განსახორციელებლად), მაგრამ 2010 წლის 28 იანვარს ისევ პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვიდა, რომლის თანახმადაც ფონდის სასწავლო პროგრამები გადაეცა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ როგორც სამართალმემკვიდრე, აღიარებს ყველა იმ ფინანსურ ვალდებულებას, რაც ეკისრებოდა ფონდს. სამინისტროს ინფორმაციით  თანხების გადარიცხვის „დაგვიანება და გაჭიანურება გამოიწვია იმან, რომ ლიკვიდაციის შემდეგ ყველა დოკუმენტაცია გადაეცა საქართველოს ეროვნულ არქივს, სამმართველო, რომელიც ამ პროგრამას ანხორციელებს (სამინისტროში) გამოითხოვა ყველა ხელშეკრულებები რაც გაიწელა  დროში“.

სამინისტროში განმარტავენ რომ გადასამოწმებელი იყო რამდენად ეკუთვნოდათ იმ სტუდენტებს სტიპენტია, ვინაც თანხის გადარიცხვის მოთხოვნით მიმართეს. ამიტომაც დაგვიანდა მათთვის ფულის გადარიცხვა უცხოეთში. „ დღეიდან დაიწყო გადარიცხვები“-განმარტავენ სამინისტროში. გურანდა დარჩიძე – რომელიც განათლების სამინისტროს თანამშრომელი და ამ პროგრამის კოორდინატორია „ნეტგაზეთან“ საუბარში სტუდენებთან დავალიანების ზუსტ თანხას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *