ახალი ამბები

პარლამენტარებმა პოლონეთის საგარეო მინისტრთან სააკაშვილის საკითხი განიხილეს

30 მარტი, 2022 • 1639
პარლამენტარებმა პოლონეთის საგარეო მინისტრთან სააკაშვილის საკითხი განიხილეს

დღეს, 30 მარტს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო სამქეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.

ვიზიტის ფარგლებში ზბიგნევ რაუმ შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის წევრებთანაც.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც განიხილეს.

მისი თქმით, ეს საკითხი შეხვედრაზე ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ დააყენა.

“პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოში სასამართლომ და ქართული კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.

ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოგვიწოდა, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია იყოს”, — განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა პოლონეთის შუამავლობაზე სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხის დაყენება დაადასტურა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, სამხარაძემ დიპლომატიური პროტოკოლის წესები დაარღვია და კონკრეტული დეტალების შესახებ არ უნდა ესაუბარა.

ბოკუჩავას თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ეუთოს თავმჯდომარის ნაცვლად დეტალების შესახებ “პრინციპულად” არ ისაუბრებდა.

“მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, მაგრამ დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინაიდან “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, გეტყვით, რომ დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა და ახლა არის მომენტი, როცა პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას, სხვათა შორის, ამისკენ მოგვიწოდებს თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც, რათა სწორად გავუმკლავდეთ სერიოზულ საგარეო გამოწვევებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე განხორციელდა ასევე პოლონეთის პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პოლონეთს კარგად ესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი