ახალი ამბები

ერთადერთი ალიანსი, რომელსაც შეუძლია, საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა მისცეს, ნატოა – სამხარაძე

30 მარტი, 2022 • 784
ერთადერთი ალიანსი, რომელსაც შეუძლია, საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა მისცეს, ნატოა  – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ დღესდღეობით, ევროპაში ერთადერთი ალიანსი, რომელსაც შეუძლია, საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა მისცეს, ნატოა. შესაბამისად, დეპუტატის თქმით, ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანება პრიორიტეტია.

როგორც სამხარაძე ამბობს, უკრაინაში რუსეთის ომის გათვალისიწნებით, იმედია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდება.

ამასთან, სამხარაძე აღნიშნავს, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგით დასრულდება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინა-რუსეთ შორის მოლაპარაკებები, თუმცა ამას გავლენა საქართველოზეც ექნება.

“ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალიან ადრეულ სტადიაზეა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ტიპის გარღვევა მოხდა.

რაც შეეხება საქართველოს ამ თემასთან მიბმას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკრაინის ნატოში წევრობას ეხება, საქართველოზე გავლენას იქონიებს. თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ დასავლური საზოგადოება ამ შემთხვევაში გამოიჩენს მტკიცე ნებას და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დააჩქარებს.

უკრაინის საკითხმა ძალიან ნათლად გვაჩვენა, რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე ვართ”, – განაცხადა სამხარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი