ახალი ამბები

„მასტერქარდისა“ და „ვიზას“ შესაკვეთად რუსეთის მოქალაქეებს უზბეკეთში ტურებს სთავაზობენ

29 მარტი, 2022 • 921
„მასტერქარდისა“ და „ვიზას“ შესაკვეთად რუსეთის მოქალაქეებს უზბეკეთში ტურებს სთავაზობენ

რუსული ტუროპერატორები მომხმარებლებს უზბეკეთში ტურებს სთავაზობენ „მასტერქარდის“ და „ვიზა“ ბარათების შესაკვეთად.

როგორც Current Time წერს, რუსული ტურისტული კომპანია „ვედი გრუპი“, რომელიც მოსკოვსა და ეკატერინბურგში მოქმედ ტუროპერატორებს აერთიანებს, აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს უზბეკეთში სამდღიან ტურებს შესთავაზებენ, რომლის განმავლობაშიც შესაძლებლობა ექნებათ, საბანკო ბარათები შეუკვეთონ.

„ვიზა“ და „მასტერქარდის“ პლასტიკური ბარათებით სარგებლობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ამჟამად საერთაშორისო სანქციების გამო არ შეუძლიათ. გამოცემა წერს, რომ სანქციების გვერდის ავლით, უზბეკეთში კაპიტალბანკის მეშვეობით, რუსული პასპორტით შესაძლებელია საკრედიტო ბარათების დამზადება.

Current Time-ის ცნობით, ტურის ღირებულება 23 000 რუბლია (257 აშშ დოლარი) და ფასში შედის პლასტიკური ბარათების შესაკვეთად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაც. ბარათის შესაკვეთად რუსეთის მოქალაქეებს დამატებით მოუწევთ დაახლოებით 7 დოლარის გადახდა.

გამოცემა ტაშკენტში მდებარე კაპიტალბანკს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქეებს მართლაც შეუძლიათ მათ ბანკში პლასტიკური ბარათების აღება, თუმცა აღნიშნეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ამ მიზნით სპეციალური ტურების შემოღების თაობაზე.

ბანკში გამოცემას განუცხადეს, რომ ბარათის ასაღებად მხოლოდ რუსული პასპორტი საკმარისი არ არის და მსურველს თან უნდა ჰქონდეს უზბეკეთში მუდმივი ბინადრობის უფლება. ამასთან, უნდა გადაიხადონ ბარათის დამზადების საფასური და ყოველთვიურად ბარათზე მინიმუმ 500$ უნდა ერიცხებოდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი