რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში, პრეზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაციაში ხვდებიან. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აღნიშნული შეხვედრა პირველია რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ.
შეხვედრის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ როგორც ვლადიმერ პუტინი, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკი მისი „ძვირფასი მეგობრები“ არიან. თურქეთის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ კონფლიქტი მეხუთე კვირაა გრძელდება – „ორივე მხარის ხელშია ამ ტრაგედიის შეჩერება“ – თქვა ერდოღანმა.
მისი თქმით, შეხვედრებზე დელეგაციების მიერ მიღწეული პროგრესი გზას გაუკვალავს ქვეყნების ლიდერების შეხვედრასაც, რომლის ორგანიზებაც ასევე თურქეთს შეუძლია. ერდოღანის თქმით, „მიუკერძოებელ მშვიდობას“ დამარცხებულები არ ჰყავს, კონფლიქტის გაგრძელებას კი არავისთვის მოაქვს სარგებელი:
„ასეთ კრიტიკულ დროს ჩვენ გვაქვს პატივი, მოგესალმოთ და ხელი შევუწყოთ თქვენს მცდელობას, დამყარდეს მშვიდობა. ვისურვებდი, რომ ჩვენი შეხვედრა და დისკუსია ხელსაყრელი იყოს თქვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი რეგიონისა და სრულიად კაცობრიობისთვის”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
გუშინ, 28 მარტს The Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მარტის დასაწყისში რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს და მოლაპარაკებებში ჩართულ უკრაინული მხარის წარმომადგენლებს შესაძლო მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. გამოცემა იუწყებოდა, რომ მოწამვლის ნიშნები ჰქონდა მოლაპარაკებების ერთ-ერთ მონაწილეს, დეპუტატ რუსტემ უმეროვსაც.
უმეროვმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მასალის გამოქვეყნებამდე გააკეთა. მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა:
“მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა ყვითელი ახალი ამბისთვის, რომელიც ირგვლივ ვრცელდება.
გთხოვთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს”.
BBC-ის ცნობით კი რომან აბრამოვიჩთან დაახლოებულმა წყარომ მათ დაუდასტურა, რომ ოლიგარქს მართლაც აღენიშნებოდა შესაძლო მოწამვლის სიმპტომები მოლაპარაკებების შემდეგ. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, აბრამოვიჩი თავს კარგად გრძნობს და ომის დასრულების მცდელობაში უკრაინელებთან ერთად მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს.
ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე შეხვედრაში და მხოლოდ საკუთარი სახელით მოქმედებს.
