ახალი ამბები

Viber თბილისში ოფისს ხსნის – ეკონომიკის სამინისტრო

28 მარტი, 2022 • 1553
Viber თბილისში ოფისს ხსნის – ეკონომიკის სამინისტრო

კომპანია RakutenViber საქართველოს ბაზარზე შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის, რომელიც მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეხვდა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ოფირ ეიალს.

დავითაშვილის თქმით, RakutenViber-ის ოფისის გახსნა კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი IT ინჟინრებისთვის. ასევე, მისი განცხადებით, ეს არის გზავნილი სხვა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ RakutenViber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე.

RakutenViber მსოფლიოს მასშტაბით ოფისები აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში, ლუქსემბურგში, ბელარუსში, ბულგარეთში, სინგაპურში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი