უკრაინის გენპროკურორ ირინა ვენედიქტოვას შეფასებით, რაც მარიუპოლში ხდება, შესაძლოა, გენოციდად შეფასდეს.
„რაც მარიუპოლში ხდება, უკვე აღარ არის ომის დანაშაული. ომს თავისი წესები აქვს, ეს კი ყველა წესს გასცდა. როცა მთელი ქალაქი მძევლად არის აყვანილი, მე ამას ვუყურებ შესაძლო გენოციდის კვალიფიკაციის თვალსაზრისით. ადამიანები მარიუპოლში ჩარჩენილი არიან წყლის, საკვების და გათბობის გარეშე. არ არის წასვლის შესაძლებლობა. კოლონებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობენ, ცხრილავენ. სადაც ანადგურებენ (და ამის შესახებ აგრესორი სახელმწიფოს მინისტრმა ლავროვმაც აღნიშნა) სამშობიარო სახლს“, — განაცხადა ვენედიქტოვამ.
მისი თქმით, მარიუპოლიდან ზრდასრულების და ბავშვების იძულებით [რუსეთში] დეპორტაცია მოხდა, რაზეც უფლებადამცველებმა აღძრეს დეპორტაციის ორი საქმე — უკრაინიდან დეპორტაციის და ბავშვების დეპორტაციის.
„2 000-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოხდა მხოლოდ მარიუპოლიდან. ეს უბრალოდ ომის დანაშაულია? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ომის დანაშაული. როგორც პროკურორი, მე ძალიან ფრთხილად ვსაუბრობ გენოციდის შესაძლო კვალიფიკაციაზე, მაგრამ, როგორც მოქალაქეს, მშვენივრად მესმის, რა მოსდის ჩვენს ხალხს“, — განაცხადა ვენედიქტოვამ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, და უკრაინელების, როგორც ერის განადგურება.
„ამას უკავშირდება დეპორტაციის და ევაკუაციის ფაქტები. შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ. უკრაინას ეს ადრეც გაუკეთეს — იყო ხალხის დეპორტაცია, განადგურება ჰოლოდომორის გამო“, — დასძინა მან.
მარიუპოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყაშია მოქცეული და სისტემატურად ბომბავენ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქალაქის მცველებმა (რომელთა შორის არიან უკრაინელი სამხედროები, პოლიცია და მესაზღვრეები), მარიუპოლის დატოვებაზე უარი განაცხადეს. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში. თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 2 300-ს აღემატება. ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლიდან რუსეთში უკანონო დეპორტაცია მიმდინარეობს და უკვე გაყვანილია 2 000-ზე მეტი ბავშვი. ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, მარიუპოლი „ახალი ალეპოა“ და კოლექტიური დანაშაული იქნება, თუ დასავლეთი მის დასახმარებლად არაფერს გააკეთებს.
მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.








