აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ რუსული კიბერუსაფრთხოების კომპანია „კასპერსკი“ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც გამოცემაზე დაყრდნობით, The Verge წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნულ სიაში, რომელიც ძირითადად ჩინური კომპანიებისგან შედგება, რუსული ორგანიზაცია მოხვდა. სიას ასევე დაემატა ორი ჩინური კომპანია „ჩაინა ტელეკომი“ და „ჩაინა მობაილ ინთერნეიშენალი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მომხდარს „კასპერსკი“ განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. კომპანიის განცხადებით, ის ინარჩუნებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებთან.
The Verge აღნიშნავს, რომ 2017 წელს რუსული დაზვერვა „კასპერსკის“ ანტივირუსის გამოყენებით საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში დაადანაშაულეს. მაშინ რუსული კომპანია ბრალდებებს უარყოფდა. 2017 წლის ბოლოს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებს უკრძალავს კრემლთან დაკავშირებული კომპანიების პროდუქტების გამოყენებას.








